ვიაჩორკა: „რუსეთმა დაკარგა ალბათ, ყველაზე ძვირფასი თვითმფრინავი, რომელიც კრეისერ „მოსკვას“ ნახევარი ღირს“

28-02-2023 22:18:32 კომენტარი

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის სვიატლანა ციხანოუსკაიას გუნდის მრჩეველი და საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრანაკ ვიაჩორკა „ტვიტერზე“ ეხმიანება ბელარუსში მომხდარ ინციდენტს:

„ორი დღე გავიდა. არანაირი რეაქცია ლუკაშენკას მხრიდან. არანაირი რეაქცია რუსეთის მხრიდან. თუმცა დაპატიმრებების ტალღამ გადაუარა მთელ ქვეყანას. საზღვრებზე ხალხს საგულდაგულოდ ამოწმებენ. რუსეთმა დაკარგა, ალბათ, ყველაზე ძვირფასი თვითმფრინავი, რომელიც უკრაინელების მიერ ჩაძირულ რუსულ კრეისერ „მოსკვას“ ნახევარი ღირს“.

ვიაჩორკას თქმით, ოპერაციაში ორი ბელარუსი პარტიზანი მონაწილეობდა, რომლებიც ახლა უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„ვამაყობ ყველა ბელარუსელით, რომელიც აგრძელებს წინააღმდეგობას ბელარუსის რუსული ჰიბრიდული ოკუპაციის და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის წინააღმდეგ”, - დაწერა ტვიტერზე ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

ბელარუსში სამხედრო აეროდრომ „მაჩულიშჩიში“, მინსკიდან 12 კილომეტრში, 26 თებერვალს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 (ДРЛО) - ნატოს კლასიფიკაციით Mainstay, რომელსაც შეუძლია ერთდროულად აკონტროლოს 60-მდე სამიზნე და მათი განადგურების ბრძანებაც გასცეს.

ბელარუსის ოპოზიციური მოძრაობის, BYPOL-ის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი აფეთქდა დივერსიის შედეგად: დაზიანებულია ხომალდის ელექტრონული აღჭურვილობა - ავიონიკა, წინა და ცენტრალური ნაწილი, სანავიგაციო თეფში, რომელიც ახდენს ტერიტორიის სკანირებას.

BYPOL-ის ხელმძღვანელმა ალიაქსანდრ აზაროვმა თქვა, რომ „მაჩულიშჩის“ სამხედრო აეროდრომზე დივერსია ბელარუსი პარტიზანების მიერ არის მოწყობილი უპილოტო თვითმფრინავების დახმარებით და, რომ ოპერაციის ყველა მონაწილე უკვე ბელარუსის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები