
დარახველიძე: "არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რამე ნაწილზე შსს-მ არ იმუშავა"
01/03/2023 12:16:54 სამართალი
საქართველოს შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, არასწორია განცხადება იმის თაობაზე, რომ 2021 წლის 5 ივლისის საქმის რომელიმე მიმართულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იმუშავა. ასე გამოეხმარა მინისტრის მოადგილე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ტერორზმის შესახებ, რომელშიც საუბარი იყო 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებზეც.
„არასწორია განცხადება იმის თაობაზე, რომ 5 ივლისის საქმის რამე ნაწილზე ან მიმართულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იმუშავა - როცა სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაზე ვსაუბრობთ იმისთვის, რომ ადამიანს ბრალდება წაუყენო, საკმარისი მტკიცებულება უნდა არსებობდეს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, იმ შემთხვევეში სადაც არ გამოიკვეთა საკმარისი მტკიცებულებები პოლიციას და პროკურატურას ბრალის წაყენების იფლებამოსილება არ ჰქონდა:
„გამოძიება 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ვაწარმოეთ, ათასზე მეტი მტკიცებულება შეიკრიბა, სამართლებრივ პასუხისგებაში 31 პირი მივეცით, 100-ზე მეტი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულად, 50-ზე მეტი პირი არის დაზარალებული, 300-ზეტი მოწმე დაიკითხა. პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა და სადაც საკმარისი მტკიცებულება და სტანდარტი გამოიკვეთა, ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო. ყველა პირის მიმართ, ვინც ჩვენ და პროკურატურამ სასამართლოს წინაშე წარვადგინეთ, განაჩენები დადგა“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია 2021 წლის 5 ივლისს მედიისა და აქტივისტების მიმართ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე და ნათქვამია, რომ დღის განმავლობაში შსს-მ არეულობასთან ბრძოლის ზომების მიღება ვერ შეძლო. მიუხედავად 28 ადამიანის დაკავებისა და გასამართლებისა, არც ჯგუფის ლიდერებს და არც ძალადობის ორგანიზატორებს არ დაჰკისრებიათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
2021 წლის 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტ თანამშრომელს დაესხნენ თავს. „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მასზე ძალადობიდან რამდენიმე დღეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არც ერთი ორგანიზატორი.