დეგნანი – კობახიძე–მდინარაძის განცახდებების თაობაზე: "რა უნდა გიპასუხოთ, როდესაც ადამიანები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ სხვებს"
01/03/2023 14:00:25 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ეხმიანება "ქართული ოცნების" ლიდერების ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის ბრალდებებს, რომელთა თანახმად, შესაძლოა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისიც იტყუებოდეს, როცა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი რუსულ კანონს შეადარა.
"რა უნდა გიპასუხოთ, როდესაც ადამიანები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ სხვებს. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მისწრაფებების ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, უფრო ძლიერი ეკონომიკის და უსაფრთხოების მხარდაჭერას და გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც წლების მანძილზე აკეთებს", – განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის: 27 თებერვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა „ოცნების“ უმრავლესობის“ მხარდაჭერილ კანონზე საუბრისას იცრუა:
"იტყუება, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი არის რუსული, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის პირით ითქვა ტყუილი".
მოგვიანებით, პარტია "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შესაძლებელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისიც იტყუებოდეს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.
24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.
27 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა ისევ ღრმა შეშფოთების საფუძველი უწოდა საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის შესახებ" და განაცხადა, რომ "კანონის მიღებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.
27 თებერვალს "ხალხის ძალამ" პარლამენტის ბიუროს წარუდგინა რიგით მეორე კანონპროექტი, რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.
მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.


