
უნგრეთმა შვედეთისა და ფინეთის NATO–ში გაწევრიანების რატიფიცირება გადადო
02/03/2023 16:59:53 ევროპა
უნგრეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო–ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ კენჭისყრა გადადო,– იტყობინება Associated Press.
აქამდე, პარლამენტის სხდომების დღის წესრიგში აღნიშნული იყო, რომ სკანდინავიური ქვეყნების ნატო–ში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა 6-9 მარტის პერიოდში გაიმართებოდა. ახლა კი საუბარია იმაზე, რომ კენჭისყრა პარლამენტის სესიის განმავლობაში ჩატარდეს, რომელიც 20 მარტს დაიწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უნგრული დელეგაცია შვედეთის პარლამენტის სპიკერს ანდრეას ნორლენს და სხვა კანონმდებლებს სტოკჰოლმში 7 მარტს შეხვდება.
შეხვედრაზე შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების რატიფიცირების პროცესი იქნება განხილული.
ნატო–ს 30 წევრი ქვეყნიდან ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება დღემდე მხოლოდ თურქეთს და უნგრეთს არ განუხორციელებიათ.