
ბახმუტის 80% განადგურებულია, ქალაქში 5 ათასზე ნაკლები ადამიანი რჩება - უკრაინის ხელისუფლება
02/03/2023 17:20:47 ევროპა
ბახმუტის 80% განადგურებულია, მაგრამ ქალაქში ხუთ ათასზე ნაკლები ადამიანი რჩება,– ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა.
„ბახმუტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, ქალაქი ყველა მხრიდან იბომბება. მტერი ჩრდილოეთიდან ცდილობს ქალაქის შემოვლას და მის ხელში ჩაგდებას. პარალელურად, ქალაქში ძლიერი ხანძარი ვრცელდება. ბახმუტი განადგურებულია 80%-ზე მეტით. ქალაქი უკვე რეჟიმული ობიექტია, შემუშავებულია შესვლა–გასვლის საშუალებები“,– განაცხადა მან უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
ამასთან, კირილენკოს თქმით, მოქალაქეები, რომლებიც ქალაქში რჩებიან, ევაკუაციაზე უარს ამბობენ. სრულმასშტაბიან შეჭრამდე ქალაქში 70 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის რაიონში ვითარება "უკიდურესად დაძაბულია":
”მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკარგებისა, მტერმა შეტევაზე გაუშვა „ვაგნერის“ყველაზე გაწვრთნილი რაზმები, რომლებიც ცდილობდნენ, გაერღვიათ ჩვენი ჯარების თავდაცვითი ხაზი და ქალაქის კორდონი. ბახმუტისთვის გამართულ ბრძოლებში ჩვენი ჯარისკაცები აჩვენებენ გამძლეობის, გამბედაობისა და გმირობის მრავალ მაგალითს“.