
რუსეთი ახალ ტაქტიკას ეძებს, მასიური სარაკეტო თავდასხმები შეიძლება, წარსულში დარჩეს - გუმენიუკი
02/03/2023 20:10:10 ევროპა
რუსეთი ახლა ეძებს ახალ ტაქტიკას უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად და მასიური სარაკეტო თავდასხმები შესაძლოა, წარსულში დარჩეს, – თქვა უკრაინის „სამხრეთის“ თავდაცვის ძალების პრეს–ცენტრის სპიკერმა ნატალია გუმენიუკმა.
მისი თქმით, ახლა რუსეთი „იწყებს, დროში გადაანაწილოს სარაკეტო დარტყმები. ზოგჯერ ეს არის საზღვაო და საჰაერო დარტყმები, ასევე "შაჰედების" მცირე პარტიების ურთიერთ თანამშრომლობა“.
„ახლა მათ სურთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის განეიტრალება და ეფექტური დარტყმების მიტანა... ობიექტური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ უკვე გაცილებით ნაკლები რაკეტებია (რუსეთში ), მაგრამ ისინი მაინც არსებობენ. წარმოება პრაქტიკულად შეჩერებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არის“, - განაცხადა გუმენიუკმა.
1 მარტს უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურმა სერგეი ნაევმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები აგდებენ რუსული რაკეტების „80%-ს ან უფრო მეტს“, მაგრამ მტერი ცვლის საჰაერო თავდასხმის იარაღის გამოყენების ტაქტიკასა და მეთოდებს.
”ასე რომ, ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს ყოველი დარტყმის შემდეგ. ეს ანალიზი გადაცემულია და შესაბამისად, მეთაურები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ საჰაერო თავდაცვის სტაბილურობა იყოს უმაღლეს დონეზე“, - დასძინა მან.
27 თებერვალს ღამით რუსეთის ჯარებმა უკრაინის მასშტაბით ირანული დრონები რუსეთის ბრიანსკის ოლქის ტერიტორიიდან გაუშვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერის იური იგნატის თქმით, მტერმა შეცვალა „შაჰიდების“ გამოყენების მიმართულება, რადგან თავიდან უშვებდა ანექსირებული ყირიმიდან, ოკუპირებული ხერსონის რეგიონიდან, შემდეგ დაიწყო გაშვება აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, რუსეთმა ერთი წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით ხუთი ათასი რაკეტა გაისროლა.