ერთიანი რუსული სცენარი: რატომ იქცა აფხაზეთის ლიდერი "ოცნების" მხარდამჭერად

03-03-2023 16:42:41 კონფლიქტები ,პოლიტიკა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდამჭერ ღია განცხადებებზე გადავიდა. ამასთან, კრემლის სატელიტი სოხუმის რეჟიმის მთელი რიგი ქმედებები იმდენად ჰგავს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისას, რომ უკვე ერთიანი საკოორდინაციო ცენტრიდან ნაკარნახევის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე, მაგალითად:

  • "ოცნების" მსგავსად, ბჟანიას გუნდიც აფხაზეთში ანტიდასავლური კრემლისტური კანონპროექტების ძალით გატანას ცდილობს;
  • "ოცნებისეულის" მსგავსია, რიგ შემთხვევებში კი იდენტურიც ანტიდასავლური და ანტიუკრაინული სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივები;
  • "ოცნების" მსგავსად, ბჟანიას გუნდიც იქაური ოპოზიციის დემონიზებას ეწევა;
  • "ოცნების" მსგავსად, ბჟანიას გუნდიც მოსახლეობას ომით აშინებს;
  • "ოცნების" მსგავსად, ბჟანიას გუნდიც არწმუნებს ადგილობრივებს, რომ მშვიდობის ერთადერთი გარანტორი თავადაა და რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ომი გარდაუვალია.

მსგავსებების ჩამონათვალი გრძელია. იდენტურია ორივე შემთხვევაში ადვილად ამოსაცნობი მიზანიც: სრულად ხელმოცარული რეჟიმების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება. და ეს 100%-ით ემთხვევა რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმის მიერ უკვე ღიად დეკლარირებულ სტრატეგიულ გეგმას - საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთად პუტინის იმპერია სსრკ-2-ში შეათრიოს.

საქართველოსა და სსრკ-2-ის თემაზე იხილეთ ასევე:

რას გვიპირებს პუტინი და როგორ სცადა კრემლმა, მედვედევის იმპერიალისტური ფალსტარტი მატრაბაზული “გმირობით” გადაეფარა;

"თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც უნდა შევიკრათ" - ლუკაშენკო აფხაზეთს "ქვეყნად" მოიხსენიებს და საქართველოს სსრკ-2-ზე მიანიშნებს

სანამ თბილისში ხელისუფლებასთან აფილირებული ანტიდასავლური დაჯგუფება "ხალხის ძალა" მმართველი გუნდის აშკარა მხარდაჭერით საქართველოს მოსახლეობის არაერთგზის დეკლარირებული ნების შესაბამისად კონსტიტუციაში ასახული ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის დამსამარებელი ე.წ. "უცხოური აგენტების" რუსული კანონის ძალით გატანას ცდილობს, ბჟანიას გუნდი იგივეს აკეთებს სოხუმში და საქმის გასამარტივებლად მოსახლეობას ფაქტობრივად, სიტყვა-სიტყვით იგივე კრემლისტური ანტიდასავლური სადეზინფორმაციო ნარატივებით კვებავს, რომელიც თბილისში სხვადასხვა პრორუსული ჯგუფების, "ხალხის ძალისა" და ბოლო დროს უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც გვესმის.

ე.წ. "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის ინიცირება ბჟანიამ "ოცნებას" ოდნავ დაასწრო. და ეს ერთ-ერთი პუნქტია ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოსკოვის მიერ სოხუმისთვის გაგზავნილი "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირებისთვის კანონმდებლობათა ჰარმონიზების" 45-პუნქტიანი პროგრამიდან, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის საბოლოო ანექსიისკენ მიმართულ მთელ რიგ სხვა პუნქტებსაც მოიცავს, მათ შორის - მუხლებს მოქალაქეობის მინიჭების, რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწისა და სხვა უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაზე მოქმედი საკანონმდებლო აკრძალვის გაუქმების შესახებ.

გამოგზავნილია თუ არა თბილისში მოსკოვიდან ანალოგიური გეგმა - მომავალში უცილებლად შევიტყობთ. მაგრამ თუ რაჭის ტერიტორიის 1/3-ის (თანაც რუსეთის მოსაზღვრე მიწების) კრემლის კარის ოლიგარქ ხიდაშელის სარგებლობაში გადაცემას (და თავად ხიდაშელი ღიად საუბრობს საქართველოში "კიდევ 47 პროექტის რეალიზების" განზრახვაზე), იგივე ენერგეტიკის სფეროში რუსულ მხარესთან დადებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოებას, უკრაინასთან ომის ფონზე საქართველოში რუსეთის ათიათასობით მოქალაქის დასახლებას, მათთვის ბიზნესების გახსნისა და ქონების შეძენის საშუალების მიცემას, სხვა არაერთ შემაშფოთებელ ფაქტს, ახლა კი "აგენტების შესახებ" რუსული კანონპროექტის განხილვის დაწყებას გავითვალისწინებთ, თავისთავად ჩნდება ძალიან, ძალიან ცუდი ეჭვები. მით უფრო - თუ გადავხედავთ კრემლის მიერ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის ბელარუსის შთანთქმის მიზნით მომზადებული გეგმების შინაარსს: ზოგიერთი პუნქტი ხომ ძალიან ჰგავს იმას, რასაც საქართველოში უკვე ვხედავთ:

  • • "[ბელარუსული] კანონმდებლობა მიესადაგოს რუსულს;
  • • დამყარდეს რუსეთის კონტროლი [ბელარუსის] სამხედრო-პოლიტიკურ სექტორზე, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სავაჭრო, სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაზე;
  • • რუსულმა დაზვერვამ შეზღუდოს “პროდასავლური და ნაციონალისტური” ძალების გავლენა;
  • • რუსული მედიის რაოდენობისა და მოსახლეობაზე საინფორმაციო გავლენის ზრდის მეშვეობით დამყარდეს კონტროლი [ბელარუსის] საინფორმაციო სივრცეზე;
  • • [ბელარუსის] მოქალაქეთათვის რუსეთის მოქალაქეობის გაცემა გამარტივდეს, რათა ადგილზე შეიქმნას ინტეგრაციის მომხრე რუსების მოქალაქეების ფართო ფენა, რომელსაც რუსულ ბაზარში დაინტერესებული ბიზნეს-წრეებიც შეუერთდებიან".

გეცნოთ? დიახ, ასეა! ასე მოქმედებდა საქართველოს ყველაზე დიდი მტერი რუსეთი ჩვენს ქვეყანაში ორი საუკუნის განმავლობაში, ასე მოქმედებს დღესაც და საქმის გასამარტივებლად თავისი რეალური აგენტურის პირით ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ მტერი ის კი არაა, არამედ დასავლეთი - ის აშშ და ევროპა, რომელიც სამ ათწლეულზე მეტია, უზარმაზარი როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერით გვიცავს რუსეთის მიერ შთანთქმისაგან, სიცივისგან, შიმშილისგან, უუფლებობისგან, დაუღალავად გვეხმარება ფაქტობრივად ყველა პრობლემის დაძლევაში და სხვათა შორის, სწორედაც რომ დასავლეთის დამსახურებაა, მსოფლიოს რომ დღემდე არ უღიარებია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა!

მაგრამ რას ვხედავთ ამ ფონზე საქართველოში? რა გვესმის თბილისსა და სოხუმში მმართველი რეჟიმების მხრიდან? - დასავლეთის ძაგება და პუტინის ტერორისტული ოკუპანტი რეჟიმისთვის "პირის მობანვის" მცდელობები! დამაფიქრებელია და ალბათ, სიმპტომატური ისიც, რომ კრემლის სატელიტი ასლან ბჟანია მისი გუნდის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამ ფონზე სულ უფრო ხმამაღლა აფიქსირებს "ქართული ოცნებისადმი" "სიმპათიებს" ...

ეს "სიმპათიები" რომ გულწრფელი იყოს და არა კრემლის გეგმის ნაწილი, ბჟანია რომ რეალურად ფიქრობდეს აფხაზი ხალხის მომავალზე და არა ძალაუფლების შესანარჩუნებლად აფხაზეთის რუსეთისთვის გადაფორმებაზე, "ქართული ოცნების" არაფორმალური მმართველი ივანიშვილიც რომ საქართველოს მომავალზე ზრუნავდეს და არა პირადი ინტერესებისთის ქვეყნის რუსეთისთვის უბრძოლველად ჩაბარებაზე, თბილისი და სოხუმი ისარგებლებდნენ ვითარებით - უკრაინის ომის ფონზე რუსეთის ყოველმხრივი (და აქ მაინცდამაინც სამხედროს არ ვგულისხმობ) დასუსტებით, კრემლის ანექსიური გეგმების გამოაშკარავების ფონზე აფხაზეთის მოსახლეობაში ანტირუსული განწყობების საგრძობი ზრდით და დაიწყებდნენ რეალური ნაბიჯების გადადგმას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. მაგრამ არა! - კრემლს სხვა გეგმა აქვს და როგორც "ოცნება" გვარწმუნებს, რუსეთი "არ უნდა გავაღიზიანოთ"!

როგორც ჩანს, ამ "არგაღიზიანების" პოლიტიკის ფარგლებში ტოვებდა "ოცნება" უპასუხოდ წელიწადნახევრის განმავლობაში სოხუმიდან მომავალ ხმამაღალ გზავნილებსაც დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშროლობის დაწყების თაობაზე. დიახ, იყო საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როცა იგივე ასლან ბჟანია აქტიურად საუბრობდა ამ თემაზე და პოლიტიკური ოპონენტების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, იმასაც კი მიაღწია, რომ პირველად 30 წლის განმავლობაში, ქართულ მხარესთან დიალოგის/თანამშრომლობის შესაძლებლობა "აფხაზეთის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში" ასახა... მაგრამ რა? - თბილისი საპასუხოდ წელიწადნახევარი დუმდა - "არ აღიზიანებდა" მოსკოვს, რომელსაც არა მარტო აფხაზეთთან, არამედ, როგორც შემდგომში გაირკვა, მთელს დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაშიც შთანთქმის გეგმა გააჩნია. შედეგი? - თბილისის მიერ უპასუხოდ დატოვებულ ბჟანიაზე რუსული წნეხი გაძლიერდა, მანაც საბოლოოდ ვერ გაუძლო და კრემლის ინტერესების მორიგ გამტარებლად იქცა, მის რიტორიკაში კი გაჩნდა ნარატივი "სუვერენიტეტის რუსეთის ფედერაციისთვის განაწილების აუცილებლობის" თაობაზე.

დღეს პუტინის რეჟიმის სატელიტი ბჟანია სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოსკოვსა და მინსკში ამასწინანდელი ვიზიტების შედეგებს აჯამებდა, პუტინის რეჟიმის ანექსიური მოთხოვნებისადმი "ურჩ" აფხაზურ საზოგადოებასა და ოპოზიციას უშუქობითა და "სხვა მთელი რიგი მოსალოდნელი დაუძლეველი პრობლემებით" აშინებდა, რუსეთიდან მიწოდებული კანონპროექტების გაპროტესტების გამო "კანონის ფარგლებში მკაცრად დასჯით" ემუქრებოდა, იქვე შეახსენებდა "ომის საფრთხეს" და ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ "საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს, თუმცა ქართული ოპოზიცია რიგ ცუდ ღონისძიებებს გეგმავსო". ეს ყველაფერი - ამჯერად "სახელმწიფო უშიშროების ორგანოების შესახებ" იმ კანონის გასათრევად, რომელიც უშიშროების უფლებამოსილებებს საგრძნობლად ზრდის და საზოგადოებას შესაძლო ტერორის წინაშე დაუცველად აქცევს.

"ჩრდილოეთკორეულ კანონპროექტს", როგოროდაც ის აფხაზურ საზოგადოებაში მონათლეს, ბჟანიას გუნდის მხარამჭერთა უმრავლესობით დაკომპლექტებულ "პარლამენტშიც" კი მხოლოდ ორი მომხრე აღმოაჩნდა. რომ აღარაფერი ვთქვათ სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციაზე. მაგრამ წინ კიდევ ორი მოსმენით განხილვაა.

"ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ მყარად გვაქვს დამკვიდრებული ადგილი ქრისტეს უბეში და არაფერი გვემუქრება. არადა, ბომბები უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთის ტერიტორიაზე ცვივა! საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს, თუმცა ქართულ ოპოზიციას აქ [აფხაზეთში - რედ.] რიგი ცუდი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი. რაღაც-რაღაცები უკვე აღვკვეთეთ. რა, აფხაზეთის უშიშროების ორგანოები - ეს რაიმე უცხო სხეულია? მათში რა, ვინმე მანქურთები მსახურობენ? არ მესმის აპელირება თავისუფალი აზრისა და სიტყვის შეზღუდვაზე. პარლამენტმა კანონპროექტი უნდა მიიღოს! ჩვენ უნდა უზრნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და პრევენტიული ზომები ზედმეტი ვერასოდეს იქნება! ჩვენ რა, რეპრესიული სისტემა გვაქვს? ჩვენთან რა, არავინ აგინებს ხელისუფლებას, სადაც უნდა და როგორც უნდა? ის კი არა, საბიუჯეტო მუხლიც კი გვაქვს და ვაფინანსებთ კიდეც დამოუკიდებელ მედიას - ეს ევროპაშიც კი არაა!" - განაცხადა ბჟანიამ.

და ამ მისი "არგუმენტების" მსგავსიც ალბათ, ბევრს გვსმენია ბოლო დროს თბილისში. მსგავსი "ლოგიკით" იყო გაჯერებული "უცხოური აგენტების შესახებ" რუსული კანონპროექტის იმ ინიციატორთა არგუმენტაციაც, რომლებმაც იგი გუშინ მუხთლურად, მედიის, ოპოზიციისა და არასამთავრობოების დიდი ნაწილისგან მცირე დარბაზში გამოკეტილებმა, სუს-ის კუნთმგარი თანამშრომლების მიერ ზურგგამაგრების პირობებში პირველი მოსმენით გაათრიეს.

ახლა თავად გადაწყვიტეთ, უნდა გვიხაროდეს თუ არა ბჟანიას მსგავსად, რომ "საქართველოს ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს"; გვაახლოებს თუ არა ეს აფხაზეთთან და ამყარებს თუ აზიანებს როგორც კონფლიქტების მოგვარების მიმათულებას, ისე საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები