"თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც უნდა შევიკრათ" - ლუკაშენკო აფხაზეთს "ქვეყნად" მოიხსენიებს და საქართველოს სსრკ-2-ზე მიანიშნებს

21-02-2023 15:17:39 კონფლიქტები ,პოლიტიკა

ბელარუს ავტორიტარ მმართველ ალექსანდრე ლუკაშენკოს "ქართულ-აფხაზური მეგობრობის" იმედი აქვს. ამის შესახებ მან დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ლუკაშენკოს მინსკში ეწვია.

ამასთან, ლუკაშენკომ საუბრისას რამდენჯერმე მოიხსენია აფხაზეთი "ქვეყნად".

"როგორც იქნა, ჩამოაღწიეთ მინსკამდე. ჩვენ ნამდვილად გვაქვს სასაუბრო. იცით, რომ ყოველთვის დაინტერესებულები ვიყავით აფხაზეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობით. ამის შესახებ 2022 წლის სექტემბერში თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანაში სტუმრობის დროსაც განვაცხადე" - მიმართა მან ბჟანიას.

მინსკის როლი აფხაზეთის "დეიზოლაციაში"

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა აფხაზ დე ფაქტო ლიდერთან შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების სურვილი დაადასტურა:

"ჩვენ უნდა განვვითარდეთ. აფხაზი ხალხი პატივს სცემს ბელარუსებს, ბელარუსზე ხომ საუბარიც ზედმეტია. გვაქვს საფუძველი ჩვენი ურთიერთობების საშენებლად. არსებობს საქონელი, რომელშიც ჩვენ ვართ დაინტერესებულები და საქონელი, რომელიც გაინტერესებთ თქვენ. მეტიც, არსებობს ტურისტული მიმართულება – ძალზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით - მას შემდეგ, რაც ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციების შემოღება დაიწყეს. ჩვენს მოქალაქეებს ზღვის ნახვა სურთო".

მოგვიანებით კომენტარი გააკეთა ასლან ბჟანიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ მიზნით "ბელარუსის მოქალაქეებისთვის მოქმედ უვიზო რეჟიმს ახანგრძლივებს":

"აფხაზეთი ტურისტული ქვეყანაა, ძალიან კომფორტული კლიმატი გვაქვს და ყოველთვის სიხარულით მივიღებთ სტუმრებს ბელარუსიდან. ხელი მოვაწერე ბრძანებულებას ბელარუსის მოქალაქეებისთვის მოქნედი უვიზო რეჟიმის გახანგრძლივების თაობაზე. ამასთანავე, შევთანხმდით, რომ აფხაზეთიდან ბელარუსში ახალგაზრდები ჩავლენ მაღალი ტექნოლოგიების პარკში კვალიფიკაციის ასამაღლებლადო".

ბჟანიამ ისიც აღნიშნა, რომ "შექმნილია სავაჭრო სახლი, რომლის ფარგლებშიც არსებობს აფხაზური პროდუქციის ბელარუსულ ბაზარზე გატანისა და ბელარუსულის აფხაზეთში რეალიზების შესაძლებლობა.

"აფხაზეთი დაიწყებს არა მარტო სასოფლო-სამეურნეო, არამედ სამრეწველო პროდუქციის შეძენასაც, კერძოდ, ბელარუსული წარმოების ფლაგმანის - "ჰორიზონტის" ქარხნისას", – განაცხადა აფხაზმა დე ფაქტო ლიდერმა.

ბჟანიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ლუკაშენკოს იმ "უმნიშვნელოვანესი როლის" გამო, რომელსაც რუსეთთან ერთად ბელარუსიც ასრულებს "აფხაზეთის "დეიზოლაციის" საქმეში.

"დიდწილად დასავლეთის ქვეყნების ძალისხმევით დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით იზოლაციაში, რუსეთის ძალისხმევით კი ჩვენთან დეიზოლაციის პროცესები მიმდინარეობს და ბელარუსთან კონტაქტები ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია. გვსურს, კეთილმეზობლური ურთიერთობები ვიქონიოთ თქვენთან სამრეწველო ურთიერთქმედებაზე აქცენტით", – დასძინა მან.

"არ მესმის, რატომ სწყნის თბილისს?!"

და აი, ამ ყველაფრის ფონზე ბელარუსი ავტორიტარი მმართველი ბჟანიასთან საუბრისას 2022 წელს ბიჭვინთაში თავის ვიზიტზე თბილისის მწვავე რეაქციას ასე გამოეხმაურა:

"საქართველოს ხელმძღანელობა რატომღაც მწვავედ რეაგირებს ჩვენს შეხვედრებზე. დავიჯერო, ადამიანებს, ხალხებს შორის არ შეიძლება, იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობები?! შესაძლოა, სწორედ ეს ურთიერთობები, როგორც მაშინ ვთქვი, შეუწყობს ხელს აფხაზებსა და ქართველებს შორის მშვიდობასა და მეგობრობას. ჩვენ ხომ არასოდეს დაგვიგეგმია რაიმე აქციები თბილისის წინააღმდეგ, მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა… ჩვენ ხომ არავითარი შეფასებები არ გაგვიკეთებია, არ ჩავრეულვართ არც ამ, არც სხვა სიტუაციებში. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და რამდენადაც შესაძლებელია, გვექნება კიდეც თბილისთან. რატომ აქვთ ესოდენ მწვავე რეაქცია? ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში თქვენც დამეხმარებითო".

ლუკაშენკო საქართველოს პუტინის იმპერიაში იწვევს?

გარდა ამისა, ბელარუსმა ლიდერმა "თბილისის, სოხუმის, მინსკის შეკვრის" აუცილებლობის შესახებ ისაუბრა:

"ბიჭვინთაში ვიზიტის დროს ვნახე თქვენი სანაპირო: ჩვენ იქ ყოველთვის ჩავდიოდით, ჩვენები იქ ახლაც ჩადიან, მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ აფხაზეთი აღმოჩნდა მოწყვეტილი, გამოუყენებელი, არადა, მოთხოვნა ძალიან მაღალია. რატომ არ უნდა ჩავდიოდეთ ერთმანეთთან სტუმრად? - ვსვამ ამ კითხვას და არ მესმის, რატომ უნდა დავძაბოთ ამ საფუძველზე ურთიერთობები? ჩვენ პირიქით, უნდა ვაკოწიწიებდეთ ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფოები, რომ ვინაწილებდეთ გარკვეულ ქვეყნებსა და ხალხებს, ჩვენ - თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც ამ რთულ დროს რაღაცნაირად უნდა შევიკრათ, შევეწებოთ, ვიღწვოდეთ ერთობისკენ. ამ ჭრილში განვიხილავ თქვენს ვიზიტს და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას", – მიმართა ბჟანიას ლუკაშენკომ.

თავის მხრივ, აფხაზმა დე ფაქტო ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსის მმართველის "ეს ბრძნული სიტყვები [თბილისში - რედ.] ადამიანების გულებამდე მიაღწევს".

იხილეთ ასევე: "ოცნება" მოსკოვიდან ცუდი სიახლის მოლოდინში პასუხისმგებლობის ასარიდებლად ემზადება?

ცნობისთვის: მოსკოვი სსრკ-ის აღდგენის დეკლარირებული გეგმით მოქმედებს და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ახალ რუსულ იმპერიაში გაერთიანებას გეგმავს. ამ ერთობაში მოიაზრება, მათ შორის, საქართველოც.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ "საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მხოლოდ დიდი რუსეთის შემადენლობაში შეიძლება, გაერთიანდეს". "რუსეთად" კი მოსკოვი აქ მოიაზრებს ან პირდაპირ ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას, ან "საკავშირო სახელმწიფოში", რომლის ჩამოყალიბებაზე პუტინი ლუკაშენკოსთან ერთად უკვე წლებია, მუშაობს და ამ გეგმის რეალიზებას უკრაინაში ომის დასრულებისთანავე აპირებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს უკვე ნათქვამი აქვს, რომ "რესპუბლიკა მზადაა, რუსეთ-ბელარუსისა და სხვა ქვეყნების საკავშირო სახელმწიფოს შეიერთდეს".

შეგახსენებთ:

  • 2022 წლის 28 სექტემბერს ალექსანდრე ლუკაშენკო საზღვაო გზით ბიჭვინთაში ჩავიდა და ასლან ბჟანიას შეხვდა "სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების საკითხების განსახილვეად". ამ ვიზიტამდე მან სოჭში შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტთან.
  • აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი თბილისთან შეთანხმებული არ ყოფილა. ეს - მაშინ, როცა ბელარუსი აფხაზეთის ამღიარებელი მცირერიცხოვანი ქვეყნების სიაში ამ დრომდე არ შედის. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი დაიბარეს. ლუკაშენკოს ბიჭვინთაში ვიზიტი დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმაც, პრემიერ-მინისტრმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც.
  • გასული წლის დეკემბერში მინსკს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა სტუმრობდა.
  • 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ განმარტა, რატომ არ აღიარებდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას. მისი მტკიცებით, "დასავლეთი მინსკს ასეთ შემთხვევაში დამატებითი სანქციებით ემუქრებოდა, მოსკოვმა კი უარი განუცხადა, შესაბამისი ეკონომიკური დანაკარგების კომპენსირების პირობა მიეცა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები