
შოლცი: "პუტინმა ჯარები უნდა გაიყვანოს, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი"
06/03/2023 06:41:18 ევროპა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკისრება.
მისი თქმით, პუტინმა ვერ შეაფასა უკრაინის ძალა და გამბედაობა, ისევე როგორც უკრაინის ყველა პარტნიორის ერთიანობა, როდესაც მან 2022 წლის თებერვალში ინტერვენცია დაიწყო.
"ძალიან რთულია იმაზე მსჯელობა, თუ რა მოხდება უკრაინაში მომავალში, მაგრამ ერთი რამ აბსოლუტურად ნათელია: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარებით და ასევე იარაღით", - თქვა მან.
შოლცმა აღნიშნა, რომ დასავლეთი უკრაინის გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მათ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე.
"ჩემი აზრით, აუცილებელია, პუტინმა გააცნობიეროს, რომ მისი ინტერვენცია და იმპერიალისტური აგრესია წარმატებას ვერ მიაღწევს და ჯარები უნდა გაიყვანოს. ეს არის მოლაპარაკების საფუძველი", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.