Accentnews.ge
უკრაინა ვიდეოს გამოძიებას მოითხოვს, რომელიც სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯას ასახავს

უკრაინა ვიდეოს გამოძიებას მოითხოვს, რომელიც სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯას ასახავს

06/03/2023 19:02:29 ევროპა

მას შემდეგ, რაც სოციალური მედიით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს რუსეთის ძალების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯას, უკრაინის ხელისუფლება ომის დანაშაულის გამოძიებას მოითხოვს.

"ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების დახვრეტა არღვევს ჟენევის კონვენციებს" - წერს უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებების კომისარი, დმიტრო ლუბინეცი და დასძენს, "ეს არის ღირებულებების არქონის და სისასტიკის დემონსტრირება".

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთში „ომის დანაშაულები კულტივირებული და გათეთრებულია პროპაგანდითა და მითებით „ნაცისტების“ შესახებ“.

„დატყვევებული ადამიანის მკვლელობა ამის კიდევ ერთი მაგალითია. ესეც მათი ეროვნული უმნიშვნელობისა და სისუსტის მაგალითია. ყოველი ასეთი სამხედრო დანაშაული დაისჯება. ვერავინ დაემალება მას“ , - წერს ერმაკი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა: „დღეს გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ სასტიკად მოკლეს ოკუპანტებმა ჯარისკაცი, რომელმაც გაბედულად უთხრა მათ თვალებში: „დიდება უკრაინას!“ მინდა, ყველამ ერთად, ერთიანობით ვუპასუხოთ მის სიტყვებს: „დიდება გმირს! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!" და ჩვენ ვიპოვით მკვლელებს."

ვიდეოზე ჩანს სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომელიც დგას ორმოში და ცეცხლსასროლი იარაღით კლავენ მას შემდეგ, რაც წარმოთქვამს სიტყვებს, „დიდება უკრაინას!“.

როდის და სად გადაიღეს ვიდეო, ამ ეტაპზე უცნობია.

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს რუსეთიც, პატიმრებს უნდა ჰქონდეთ გარანტირებული სიცოცხლისა და პატიმრობის ჰუმანური პირობები. სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯა ან მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა ომის დანაშაულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S