
რუსეთმა ბახმუტთან ხუთჯერ მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე უკრაინამ - მედია
07/03/2023 06:51:29 ევროპა
ნატოს დაზვერვის შეფასებით, ბახმუტთან რუსეთის დანაკარგები ხუთჯერ აღემატება უკრაინულ დანაკარგებს,– ამის შესახებ CNN ნატოში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა და უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ გაავრცელეს ინფორმაცია რუსული არმიის დიდი დანაკარგების შესახებ. ამასთან, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ სამხედრო დაპირისპირება ბახმუტთან შეიძლება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა რომც მოახერხონ ბახმუტის აღება, ეს არ იქნება გარდამტეხი ბრძოლა ომში. მისი აზრით, ბახმუტს აქვს „მეტად სიმბოლური, ვიდრე სტრატეგიული ან ოპერატიული მნიშვნელობა“ და მისი მოქცევა ერთი ან მეორე მხარის კონტროლის ქვეშ გადამწყვეტ უპირატესობას არ ნიშნავს.
ბახმუტთან ბრძოლა დაახლოებით ექვსი თვეა, გრძელდება. ომამდე დონეცკის ოლქის ამ ქალაქში დაახლოებით 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ახლა ის პრაქტიკულად ნანგრევებად არის გადაქცეული. რუსეთის სარდლობამ და „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა ცოტა ხნის წინ რამდენჯერმე გაავრცელეს ინფორმაცია ბახმუტის ალყაში მოქცევისა და მტრის წინააღმდეგობის თითქმის სრული განადგურების შესახებ. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მისი ჯარები აგრძელებენ ქალაქის დაცვას.
6 მარტის საღამოს მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ "ბახმუტს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შედეგი მთელს ომში".ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა შტაბის სხდომაზე, სადაც მას ბახმუტში არსებული ვითარება მოახსენეს. მან აღნიშნა, რომ პირდაპირ ჰკითხა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის და სახმელეთო ჯარების სარდალს ალექსანდრე სირსკის, გასულიყვნენ თუ არა ქალაქიდან. ორივე გენერალმა უპასუხა: „არა დახევა, გაძლიერება!“ და შტაბმა ამ პოზიციას ერთხმად დაუჭირა მხარი. შესაბამისად, უკრაინა გააგრძელებს ქალაქის დაცვას.
12 თებერვალს BBC-იმ და „მედიაზონამ“გამოაქვეყნესმონაცემები ომის დაწყებიდან რუსული არმიის დანაკარგების შესახებ. ჟურნალისტების შეფასებით, ღია წყაროებზე დაყრდნობით, დაიღუპა 14,93 რუსი ჯარისკაცი. საუბარია მხოლოდ გარდაცვალების დადასტურებულ შემთხვევებზე - დანაკარგების რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ცნობებს იმის შესახებ, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან არ გააქვთ რუსი სამხედროების ცხედრები. ასევე არსებობს მონაცემები მობილური კრემატორიუმების მუშაობის თაობაზე. რუსეთის თავდაცვის უწყება არ საუბრობს დანაკარგებზე.
დასავლური დაზვერვის შეფასებით, რუსეთის დანაკარგებმა დაღუპულებისა და დაჭრილების გათვალისწინებით, შესაძლოა, 200 ათასს აღწევდეს, მათგან 60 ათასამდე შეიძლება დაღუპულიყო.