
აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა
07/03/2023 15:30:14 პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებით ეხმაურება საქართველოს პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვას.
დიპლომატიური უწყება პირდაპირ ამბობს, რომ დღეს ქართული დემოკრატიისთვის შავი დღეა და აღნიშნავს, რომ ამ კანონების მიღება "ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს."
"დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი", - აცხადებს საელჩო.
პარლამენტში ამ წუთებში დაჩქარებული წესით განიხილება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტები "უცხოეთის აგენტების შესახებ." პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი აქციას მართავს ამ კანონის წინააღმდეგ.