
შსს – დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე პოლიციელები
07/03/2023 20:41:06 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 7 მარტს „აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო.“
„რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები.
სამართალდამცველებთან ღია დაპირისპირება მოვლენების უკიდურეს ესკალაციას უწყობს ხელს. აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც მონაწილეები, ასევე, სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი ქმედებები, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, — აცხადებს შსს.
პარლამენტთან კვლავ დაძაბული ვითარებაა. სიტუაცია პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
სამართალდამცველები დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებენ ცრემლმდენ გაზს, "წიწაკის სპრეის" და წყლის ჭავლს.
ამის პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილმა სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით ე.წ. მოლოტივის კოქტეილები ისროლა.