
გაეროს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
08/03/2023 08:18:50 ევროპა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში იმყოფება კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
განხილვის მთავარი თემაა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება. მისი მოქმედების ვადა 18 მარტისთვის იწურება და არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი უარს იტყვის შეთანხმების გაგრძელებაზე.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას.
გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
2022 წლის 17 ნოემბერს, შეთანხმების მოქმედების ვადა 120 დღით გაგრძელდა.