
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში "აგენტების" კანონპროექტის გამო საქართველოს ელჩი დაიბარეს
08/03/2023 16:55:25 ევროპა, პოლიტიკა
8 მარტს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი არჩილ ყარაულაშვილი დაიბარა, რათა "დიდი უკმაყოფილება გამოეხატა "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო". ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს კომენტარს სამინისტრო ავრცელებს:
"ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივასთან დაკავშირებით. კანონი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების სურვილს, სწრაფად ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ სივრცეში. ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 პრიორიტეტის შესრულებას.
კანონის ძალაში შევლა გამოიწვევს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას და გაართულებს საქართველოში ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და უკან გაიწვიოს კანონპროექტი. ჩვენ, ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის გამართვის უფლებას".
რუსთაველის გამზირზე ამჟამად მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
7 მარტს პარლამენტმა საზოგადოების პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტი, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა – ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად, ფიქრობენ რა, რომ ეს კანონი, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებენ ქვეყნის პარტნიორები, აახლოებს რუსეთს და აშორებს ევროპას. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და წიწაკის აეროზოლი. დაშავდა ათობით ადამიანი.