
ზელენსკი: "ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში, და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება"
08/03/2023 20:13:42 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას საქართველოს თემაზეც ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს უკრაინის ჰიმნის გაჟღერებისთვის და თქვა, რომ არ არსებობს უკრაინელი, რომელსაც არ სურს საქართველოსთვის წარმატება.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეების განმავლობაში საქართველოს ქუჩებსა და მოედნებზე უკრაინული დროშა ეჭირა ხელში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თბილისში ჩვენი ეროვნული ჰიმნის გაჟღერებისთვის. ეს უკრაინისადმი პატივისცემის გამოხატვაა და მინდა, გულწრფელი პატივი გამოვხატო საქართველოს მიმართ. არ არსებობს უკრაინელი, რომელსაც არ სურს წარმატება ჩვენი მეგობარი საქართველოსთვის. დემოკრატიული წარმატება. ევროპული წარმატება. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ყოფნა და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში, და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. ამას იმსახურებს ევროპის ყველა თავისუფალი ერი. დიდება ყველას, ვინც ახლა უკრაინისთვის იბრძვის! დიდება ყველას, ვინც ძმებისთვის იბრძვის! დიდება უკრაინას!",– თქვა ზელენსკიმ.