
საია: სახელმწიფო მოქალაქეების მისამართით საპოლიციო ძალას უკანონოდ, არაპროპორციულად იყენებს
08/03/2023 23:34:54 სამართალი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო საპოლიციო ძალას უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ დაახლოებით 01:45 საათიდან მნიშვნელოვნად ინტენსიური გახდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება".
"როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, საშუალებების გამოყენება ხდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამასთან, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება ერთმანეთის პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს. ამასთან, ადგილი აქვს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის ინტენსიურად, დროში შემჭიდროვებულ შუალედებსა და დიდი რაოდენობით გამოყენებას, რასაც, გარდა არაპროპორციული ბუნებისა, აქვს მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი არასათანადო მოპყრობის ტოლფასი ეფექტი.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: - სამართალდამცავებს მიეცეთ მკაცრი მითითება სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების დაცვასთან დაკავშირებით; -შეწყდეს სპეციალური საშუალებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით.
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: -უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიების მყისიერი და ეფექტიანი წარმოება", - წერია განცხადებაში.