
„კომპანიები გვეკითხებიან, გააგრძელონ თუ არა საქართველოში საქმიანობა?“: „აგენტების“ კანონი და ბიზნესგარემო
09/03/2023 10:54:51 ეკონომიკა
მსხვილი ბიზნესის ნაწილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს დუმილს „აგენტების“ შესახებ ანტიკონსტიტუციურ და ანტიევროპულ კანონპროექტთან მიმართებით, რომელსაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, თუმცა სფეროს რიგმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ღიად პოზიციონირება და შესაძლო მძიმე შედეგების თაობაზე საუბარი.
კერძოდ, ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ჯონ ბრეკეველტი ამბობს, რომ თავად პროცესმა უკვე შეაშფოთა რიგი კომპანიები და სვამენ კითხვას, ღირს თუ არა საქართველოში ინვესტირების გაგრძელება:
„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება დააზიანებს საინვესტიციო გარემოს. მხოლოდ კანონპროექტის განხილვა და მიმდინარე პროცესებიც კი აზიანებს ბიზნესგამორემოს. ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიები უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას და სვამენ კითხვას, თუ როგორ აისახება ეს კანონპროექტი მათ საქმიანობაზე? გვეკითხებიან, უნდა გააგრძელონ თუ არა მათ საქართველოში საქმიანობა? საქართველოში ბევრი ორგანიზაცია ოპერირებს, რომელიც დონორებისგან იღებს დაფინანსებას და ახლა მათ შესაძლოა, „უცხოური გავლენის აგენტები“ უწოდონ. ევროპაში მსგავსი კანონმდებლობა არაა. ვერ ვხედავ ვერანაირ არგუმენტს, თუ რატომ უნდა განიხილებოდეს მსგავსი კანონპროექტი. თავად ევროკავშირის ელჩმაც თქვა, რომ მსგავსი კანონი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 რეკომენდაციიდან ორთან“.
ნეგატიურ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას BDO–ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილიც:
„ჩვენთან, საქართველოში დაფინანსება ორგანიზაციების და არა მხოლოდ ორგანიზაციების, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურების... არ არსებობს სფერო, სადაც ჩვენ დახმარებას არ ვიღებთ გრანტების თუ სხვა ფორმით. რეალურად [კანონპროექტი] ამის წინააღმდეგ მიემართება. ამ კანონის მიღებით ვუახლოვდებით ისეთ მოდელებს, როგორიცაა იგივე რუსეთი, თუ ა.შ.“
საქართველო–ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს გენმდივანი ზვიად ჭუმბურიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროცესი აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ხოლო პოზიტიური ზიანის პირობებში ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია:
„ყველა ენაზე, ყველა გზავნილი – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და არა მხოლოდ ევროპელების და ამერიკელების, უბრალოდ გულშემატკივრების –გვეუბნება, „მოდით, იქნებ ნუ გაართულებთ საქმეს (განხილვამ და პირველი მოსმენით მიღებამ უკვე დააზიანა ჩვენი საზოგადოება, ჩვენი იმიჯი), ნუ დააზიანებთ საზოგადოებას“. აქ საუბარია დაზიანებაზე ყველა მიმართულებით – პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით. და ნურავინ იფიქრებს, რომ თუ პოლიტიკურად დავზიანდებით, ეკონომიკურად განვვითარდებით. ეს შეუძლებელია!“.
საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი ეჭვით უყურებს საპარლამენტო უმრავლესობის დაპირებას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების უკან გაწვევის თაობაზე, მით უფრო, რომ მათ ემოციური ფონის ჩახშობის შემდეგ „საზოგადოებასთან კომუნიკაცია“ დააანონსეს და მიანიშნეს, რომ ამის შემდეგ დაუბრუნდებიან მას:
„ივანიშვილი 10 წელია, ატყუებს ქართველ ხალხს, გასცემს დაპირებებს, მაგრამ არასდროს ასრულებს. ფაქტად რჩება – ეს მთავრობა ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს. ეს კანონპროექტი უკან გაიწვიეს, მაგრამ მომდევნო კვირაში კიდევ სხვა კანონპროექტს მოიგონებენ, რომ რუსეთს კიდევ უფრო დაგვაახლოვონ. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ეს მთავრობა აღარ იყოს ხელისუფლებაში. ეს ნიშნავს ახალ არჩევნებს, რომ ავირჩიოთ ახალი მთავრობა. ერთადერთი, რისიც შეეშინდათ, სამოქალაქო საზოგადოებაა – ახალგაზრდები, რომელთაც უწყვეტი პროტესტი აჩვენეს. ხელისუფლება ცდილობს, რომ ცოტა დრო მოიგოს. ის შეშინებულია ხალხის ძალით. მან იცის, რომ ხალხმა მოიყვანა ხელისუფლებაში და ხალხს შეუძლია მისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა. ამიტომ, ყოველთვის, როდესაც ხედავს ასეთ გამოსვლებს და ზეწოლას ხალხის მხრიდან, გასცემს დაპირებებს, მაგრამ დრომ გვაჩვენა, რომ პირობას არასდროს ასრულებს“.
თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში პიკს მიაღწია საზოგადოებრივმა პროტესტმა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ, რომელიც დააინიცირა საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და რომელსაც მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“. მიუხედავად პროტესტისა, პარტნიორების მკაფიო გამაფრთხილებელი გზავნილებისა, რომ კანონი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 სავალდებულო რეკომენდაციასთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილ კურსთან – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტიდან ერთი – ე.წ. „ქართული“ ვერსია. ბოლო ორი დღის მასობრივი პროტესტის შემდეგ, რომელსაც სპეცსაშუალებების გამოყენებით შლიდნენ სპეცდანიშნულების რაზმები, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ უკან გაიწვევს კანონპროექტებს და ემოციური ფონის ჩაცხრობის“ შემდეგ დააანონსა „ხალხთან შეხვედრები“ კანონპროექტის „სიკეთეების“ გაცნობის მიზნით, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პროტესტის ჩახშობის შემდეგ პროექტი კვლავ დაბრუნდება პარლამენტში.
გარდა ამისა, არსებობს პროცედურული საკითხიც.
"პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით):
- 1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული;
- 2. აშშ-სთან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია.
რაა საჭირო?
- 1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანომ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);
- 2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას.
ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!",– განმარტავს კონსტიტუციონალისტი ვახუში მენაბდე.