
შსს ნადიმ ხმალაძის დაკავებას ადასტურებს
09/03/2023 11:30:51 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებს, რომ უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე 8 მარტს, დღის დაახლოებით 4 საათზე, თავისუფლების მოედანზე პოლიციის დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
ეს ორი ქმედება ადმინისტრაციული კანონის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას წარმოადგენს.
ნადიმ ხმალაძეს 8 მარტს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ ახლობლები და ადვოკატი. საბოლოოდ ის ადვოკატმა თორნიკე ბაქრაძემ ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში იპოვა დღის ბოლოს.
"გვქონდა დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრა, რას ედავებიან მისთვის ცნობილი არ არის, ოფიციალურად. დაკავების ოქმი არც მე მინახავს, არც მას. სიტყვიერად უთხრეს, რომ ედავებიან სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც რთული დასამტკიცებელი იქნება - იმ დროს როდესაც დააკავეს, ის ვერ ჩაიდენდა დანაშაულს, ჟურნალისტს აძლევდა ინტერვიუს" -განუცხადა "რადიო თავისუფლებას" ნადიმ ხმალაძის ადვოკატმა. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ნადიმ ხმალაძე იზოლატორში შეხვედრისას ადევნებაზე და საზღვრის კვეთისას შექმნილ პრობლემებზე ესაუბრა.
"6 მარტის დილას ჩამოვიდა თბილისში უკრაინიდან მომავალი და როგორც ამბობს, საპასპორტო კონტროლისას დააყოვნეს იმაზე დიდხანს, ვიდრე ყველა სხვა და ამის მიზეზი არ უთქვამთ. მას შემდეგ კი, რაც საქარველოს იურისდიქციაში შემოვიდა, მუდმივად ჰყავდა ადევნებული 4 უცნობი კაცი. ის ფიქრობს, რომ ეს ადამიანები იყვნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ვინც საბოლოოდ დააკავეს" - ამბობს თორნიკე ბაქრაძე.