
ორბანი რუსეთთან ურთიერთობების გადახედვას უშვებს – Bloomberg
09/03/2023 15:33:06 ევროპა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთთან ურთიერთობების გადახედვას უშვებს,– ამის შესახებ Bloomberg თავად ორბანზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე პოლიტიკოსმა ბუდაპეშტში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
კერძოდ, ორბანმა თქვა, რომ მოსკოვთან კავშირების შენარჩუნება, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სფეროში, უნგრეთის ინტერესებშია, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთისა და ევროპის ურთიერთობები შესაძლოა არ აღდგეს და ბუდაპეშტი იძულებული იქნება, ამ მოცემულობას მოერგოს:
“მესმის ომის შემდეგ რუსულ-ევროპული ურთიერთობების აღდგენის საჭიროება, მაგრამ ეს შორსაა რეალობისგან. სწორედ ამიტომ, უნგრეთის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა კარგად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება შეგვიძლია რუსეთთან უახლოეს 10-15 წელიწადის განმავლობაში”.
თუმცა Bloomberg აღნიშნავს იმასაც, რომ ბუნდოვანია, ეს განცხადებები ნიშნავს თუ არა რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკის შეცვლას.