სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური აღარ შეეხებათ

10-03-2023 16:37:48 თავდაცვა

თავდაცვის ახალ კოდექსში კვლავ უცვლელი იქნება ის მუხლის შინაარსი, რომელიც სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლას გულისხმობდა. თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის ინფორმაციით, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური აღარ შეეხებათ.

უწყებაში აზუსტებენ, რომ სტუდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიწვევენ, თუ ამის სურვილი თავად ექნება. ამ შემთხვევაში სტუდენტს რამდენიმე არჩევანი ექნება.

სტუდენტს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება:

  • სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;
  • ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება;
  • ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.

ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები:

  • "აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით.
  • ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით:
  • თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა;
  • სამხედროები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამხედრო აღჭურვილობით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამედიცინო დაზღვევით და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით“,- აცხადებენ სამინისტროში.

1 მარტს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის კომენტარი, რომელშიც ის ამბობდა, რომ სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნიდა. მოქმედი კანონმდებლობით, სტუდენტის სტატუსი ავტომატურად გულისხმობს, რომ ახალგაზრდას სამხედრო სავალდებულო სამსახურში ვერ გაიწვევენ. მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში მიჰყავთ 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდა კაცები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები