კირბი: „ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას”
10/03/2023 18:50:02 პოლიტიკა
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბიმ The Hill-ისთან გამოეხმაურა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას საქართველოს პარლამენტში და თქვა, რომ „მოხარულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი გაიწვიეს“ და რომ „მეტი რეფორმებია საჭირო“.
ამასთან, მან გაიხსენა, რომ თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
„მათ საშუალება ჰქონდათ, ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი, განეხილათ.
მოხარულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი გაწვეულ იქნა და ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას”, - განაცხადა კირბიმ.
მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა „ძლიერი შეშფოთება, რომ ამ კანონმდებლობას დამაბრკოლებელი ეფექტი ექნებოდა“ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და თქვა, რომ მეტი რეფორმებია საჭირო.
„ჯეიკმა ნათლად განუცხადა პრეზიდენტს [სალომე ზურაბიშვილს – რედ], რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათთან ამაზე მუშაობას”, - განაცხადა კირბიმ.


