
რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა სურს
07/11/2019 13:33:06 სხვა, მსოფლიო
სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, რუსეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა სურს. გამოკითხულთა მესამედი თვლის, რომ სასჯელის ეს ზომა უცვლელი - 1990-იანი წლებს დასაწყისში არსებული სახით უნდა აღდგეს, 16% კი მისი უფრო ფართოდ გამოყენების მომხრეა,- იუწყება "ლევადა-ცენტრი" ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში სასჯელის ამ ზომის აღდგენის მომხრეთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.
რესპონდენტთა 72% მიიჩნევს, რომ სიკვდილით დასჯა უნდა დაწესდეს არასრულწლოვანთა გაუპატიურებაში მხილებულ პირთა მიმართ, 64% -სერიული მკვლელების მიმართ, 39% - ნარკომოვაჭრეთა მიმართ, 26% - კორუფციონერთა მიმართ.
ამასთან, სიკვდილით დასჯის აღდგენის მომხრეთა შორის უმეტესობის ასაკი 55 წელს აღემატება. 24 წლამდე ასაკის რესპონდენტთა უმეტესობა კი რუსეთში სიკვდილით დასჯის საერთოდ გაუქმების მომხრეა.
აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში ამავე თემაზე გამოკითხვა ჩაატარა ფონდმა "საზოგადოებრივი აზრი". კვლევის შედეგების მიხედვით, სიკვდილით დასჯის აღდგენას გამოკითხულთა 69%-მა დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის: რუსეთში სიკვდილით დასჯა საკანონმდებლო დონეზე გაუქმებული არ არის. 1996 წლიდან, ანუ რუსეთის ევროპის საბჭოში გაწევრიანების მომენტიდან ქვეანაში სასჯელის ამ ზომის გამოყენებაზე მორატორიუმი მოქმედებს და მის ალტერნატივად სამუდამო პატიმრობას იყენებენ.