
ნორვეგიის მეფე ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად ეწვია რუსეთთან საზღვრის მცველ სამხედროებს
15/03/2023 10:19:41 ევროპა
ნორვეგიის მეფე ჰარალდი, რომელიც არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეწვია ნორვეგიის სამხედრო გარნიზონს რუსეთთან საზღვარზე. ეს ნორვეგიელი მონარქის პირველი ამგვარი ვიზიტია ბოლო 54 წლის განმავლობაში.
ნორვეგიის სამხედრო გარნიზონი სორ-ვარანგერის მუნიციპალიტეტშია, რომელიც რუსეთს ესაზღვრება.
"ბოლოს აქ 1969 წელს ვიყავი, ასე რომ, როგორც ჩანს, დროა დავბრუნდე. მეორეც, მინდა მივესალმო სამხედროებს, რომლებიც მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ ნორვეგიის საზღვრებზე... ახლა განსაკუთრებული სიტუაციაა. 2014 წლიდან არის ომი ევროპაში. ჩვენი საზღვრების და თავისუფლების დაცვა სამხედრო სამსახურის სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება“, - განაცხადა ჰარალდმა.
გარნიზონში ყოველწლიურად 600-მდე სამხედრო მოსამსახურე გადის სწავლებას. გარნიზონი პასუხისმგებელია სასაზღვრო ზონაში სიტუაციის მონიტორინგზე და აქვს უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში პოლიციის სახელით იმოქმედოს.
ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, გენერალმა ეირიკ კრისტოფერსენმა აღნიშნა, რომ ქვეყანასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა მთლიანად შეჩერებულია 2014 წლიდან, მაგრამ რჩება დიალოგი მესაზღვრეების გარნიზონებსა და ბარენცის ზღვაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციების მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთმა შექმნა ახალი ბაზა ნორვეგიის ჩრდილოეთით, რათა გააძლიეროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესაძლებლობები არქტიკაში.