
CNN – უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინელებმა ჩინური წარმოების "დრონი" ჩამოაგდეს
16/03/2023 06:22:41 მსოფლიო
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინელებმა ჩინური წარმოების "დრონი" ჩამოაგდეს, – იუწყება CNN.
უკრაინელი ჯარისკაცები გამოცემასთან საუბრისას აცხადებენ, რომ შემთხვევა გასულ შაბათ-კვირას მოხდა და უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება AK-47 ტიპის ავტომატური იარაღით შეძლეს.
გამოცემის ცნობით, ჩამოგდებული "დრონი" Mugin-5 ტიპისაა, თუმცა ის შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატად იყო გადაკეთებული.
"Mugin-5 ტიპის "დრონი" კომერციული უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც დამზადებულია ჩინელი მწარმოებლის მიერ ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ სიამენში.
ზოგიერთი სპეციალისტი ამბობს, რომ Mugin-5 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები ცნობილია როგორც "Alibaba დრონები", რადგან მათი ყიდვა 15 000 დოლარად იყო შესაძლებელი ჩინეთის ბაზრის ვებ–საიტებზე, მათ შორის Alibaba–სა და Taobao–ზე", – იუწყება CNN.
კომპანია Mugin Limited-მა დაუდასტურა CNN-ს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოგდებული "დრონი" მის მიერაა წარმოებული და ინციდენტს "სამწუხარო" უწოდა.
"ეს არის უახლესი მაგალითი სამოქალაქო "დრონის" გადაკეთებისა და შეიარაღების რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რაც ომის სტილის სწრაფად ცვალებადობას ადასტურებს". – იტყობინება CNN.