საქსტატი – 2022 წელს შიდა ვიზიტორების დანახარჯები 248 მლნ ლარამდე გაიზარდა

16-03-2023 11:54:13 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.2 მლნ იყო, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ თითქმის 1.4 მლნ შეადგინა.

გასულ წელს 2021 წელთან შედარებით, ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 3.3%-ით შემცირდა. 2022 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 641 ათასით განისაზღვრა, რაც ასევე 3.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 317 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 231 ათასი ვიზიტი თვეში).

2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 248.3 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 9.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 13.9%-ით და 182.4 ლარს უტოლდება. ყველაზე მეტი ხარჯი თითქმის 81 მლნ ლარი საყიდლებზე მოდის, ხარჯებში მერე ადგილი საკვებსა და სასმელებს უკავია [58 მლნ ლარი].

ახალი ამბები

სხვა სიახლეები