თავდაცვის სამინისტრო მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს „ჯარის ბანაკი“ იწყებს

17-03-2023 10:48:17 თავდაცვა

ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით თავდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია. მას თავდაცვის უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად განახორციელებს.

„ჯარის ბანაკი“ ზაფხულში, კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მოეწყობა და მასში ჩართვა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ. თავდაცვისა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილე თამარ მახარაშვილმა ბანაკისთვის განსაზღვრული ინფრასტრუქტურა პირადად დაათვალიერეს და სამხედროებთან ერთად თითოეული დღის პროგრამის შედგენაზე იმსჯელეს.

საზაფხულო „ჯარის ბანაკის“ აღსრულებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს. სერჟანტთა აკადემიაში ბანაკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული და ფიზიკური აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს დღის გეგმაზე მუშაობა და სხვადასხვა აქტივობის პროგრამის დეტალურად გაწერა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები