
შსს: "მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები"
08/11/2019 10:11:11 სხვა, სამართალი, საზოგადოება
საქართველოს შს სამინისტრო დღეს ფილმთან "და ჩვენ ვიცეკვეთ" დაანონსებულ აქტივობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ქვეყანაში უსაფრთხო და ტოლერანტული გარემოს შექმნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნისა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი და სამართლიანი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის პარალელურად, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი",- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.
ლევან აკინის ფილმის მიმართ წინააღმდეგობა ამ დრომდე გრძელდება. მისი ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებენ სხვადასხვა რადიკალი დაჯგუფებები: "ქართული მარში," გურამ ფალავანდიშვილის "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება", ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.