17-03-2023 19:05:25 პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველოსთვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების მიზნობრიობაზე ისაუბრა.
"გვსურს საქართველოს დავეხმაროთ, თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისგან. ვიცით, რომ ადგილი ჰქონია საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციებს, ასევე ვიცით, რომ ყოფილა საქართველოს პოლიტიკური გარემოს დამძიმების მცდელობები და, რა თქმა უნდა, იყო დიდი რაოდენობით პროპაგანდა. აქედან გამომდინარე, ჩვენს გვსურს, მხარი დავუჭიროთ თავისუფალ მედიას, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს, შეინარჩუნოს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, ვგეგმავთ დავეხმაროთ მას კიბერ თავდასხმებისგან თავდაცვაში და ასევე, ვაპირებთ გავაგრძელოთ დავეხმაროთ მას ევროპასთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნების გზაზე“, – განაცხადა კლევერლიმ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით დიდი ბრიტანეთი ნახევარ მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, რაც მიზნად ისახავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი გარემო შეიქმნას და დაცული იყოს გარე ჩარევისაგან.