
ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
17/03/2023 15:44:54 მსოფლიო
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზშია ნათქვამი. კერძოდ, სასამართლოს პრეს–სამსახურის ცნობით წინასასამართლო საქმეწარმოების II პალატამ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
კერძოდ, ჰააგის ტრიბუნალის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ:
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე.
ბატონი ვლადიმირ ვლადიმირს ძე პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)). დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ“.
მეორე პირზე დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ ჰააგის ტრიბუნალის საიტზე ვკითხულობთ:
"ქალბატონი მარია ალექსეის ასული ლვოვა-ბელოვა, დაბადებული 1984 წლის 25 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ბავშვთა ოფლებების კომისარი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)) გამო. დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ“.