სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი: "ვერ დავუშვებთ, მოეპყრონ ბავშვებს, როგორც ნაალაფარს"

17-03-2023 22:20:26 მსოფლიო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი კარიმ ხანი განმარტავს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მატია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერების გაცემაზე წინასასამართლო პალატას 2023 წლის 22 თებერვალს მიმართა.

პროკურორის განცხადებით, მისი ოფისის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა შემთხვევები, რომლებიც მოიცავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებიდან და ბავშვზე ზრუნვის სახლებიდან მინიმუმ ასობით ბავშვის დეპორტაციას. ხანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით კანონიც კი შეიცვალა, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების დასაჩქარებლად და ამ ბავშვების რუსეთის ოჯახებში გაშვილების გასაადვილებლად.

„ჩემი ოფისი აცხადებს, რომ ეს ქმედებები, სხვა ყველაფერთან ერთად, აჩვენებს ამ ბავშვების თავიანთი ქვეყნიდან სამუდამოდ გაყვანის განზრახვას. ამ დეპორტაციების დროს, უკრაინელი ბავშვები იყვნენ ჟენევის მეოთხე კონვენციით დაცული პირები. ჩვენს განაცხადში ხაზი გავუსვით იმასაც, რომ დეპორტაციების უდიდესი ნაწილი ჩადენილია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესიის აქტების კონტექსტში, რომლებიც 2014 წელს დაიწყო“, – აცხადებს ხანი.

მისი თქმით, მან გასული წლის სექტემბერში მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს და მოახსენა, რომ მისი ოფისისთვის პრიორიტეტული იყო უკრაინიდან ბავშვების სავარაუდო დეპორტაციის გამოძიება:

„ამ დანაშაულების ადამიანური განზომილება მკაფიოდ წარმოჩინდა უკრაინაში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს. იქ ყოფნისას ვეწვიე ახლანდელ ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ბავშვთა სახლს, საიდანაც სავარაუდოდ იყვნენ ბავშვები წაყვანილები. მათი მომვლელების ჩვენებებმა და შიშებმა გაამძაფრა სასწრაფოდ მოქმედების საჭიროება. უნდა უზრუნველვყოთ, რომ დანაშაულის ჩამდენებმა პასუხი აგონ და ბავშვები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებსა და თემებს. როგორც მაშინ განვაცხადე, ვერ დავუშვებთ, რომ მოეპყრონ ბავშვებს, როგორც ნაალაფარს“.

ჰააგრის ტრიბუნალის პროკურორი მადლიერებას გამოხატავს პარტნიორების მიმართ, ვინც დაეხმარა გამოძიების პროცესს და განსაკუთრებით აღნიშნა უკრაინის გენერალური პროკურატურის როლი ისევე, როგორც EUROJUST-ს ფარგლებში „ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფთან“ თანამშრომლობა და სადაც შვიდი ქვეყნის მთავრობების ძალისხმევაა გაერთიანებული.

კარიმ ხანი აპირებს აგრეთვე, რომ კვლავაც სცადოს რუსეთის ფედერაციასთან თნამშრომლობა იმისათვის, რომ მისმა ოფისმა სრულფასოვნად შეასრულოს რომის სტატუტის 54-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს გამამტყუნებელი და გამამართლებელი გარემოებების თანაბრად გამოძიებას.

„როგორც გასული წლის მაისში ბუჩაში განვაცხადე, უკრაინა არის დანაშაულის ადგილი, რომელიც მოიცავს კომპლექსურ და მრავალი სახის სავარაუდო საერთაშორისო დანაშაულს. როგორც კი მტკიცებულებები დაგვანახებს ამის საჭიროებას, უყოყმანოდ მოვითხოვთ დაპატიმრების შემდგომ ორდერებს“, - აცხადებს ხანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები