დღეიდან რუმინეთში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ზღვის ფარი 2023“ იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

20-03-2023 10:16:36 თავდაცვა

დღეიდან რუმინეთში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ზღვის ფარი 2023“ იწყება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნებში, რომელიც 20 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაიმართება, 12 ქვეყნის 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იქნება ჩართული. ეს არის ყველაზე კომპლექსური სასწავლო ღონისძიება, რომელიც რუმინეთის საზღვაო ძალებმა მიმდინარე წელს დაგეგმა.

სამხედრო სწავლებაში რუმინეთის საზღვაო ძალების 30-ზე მეტი სამხედრო ხომალდი, ბულგარეთის საზღვაო ძალების ორი სამხედრო ხომალდი, 14 თვითმფრინავი საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თურქეთიდან, 15 სწრაფი ნავი და ეროვნული თავდაცვის სისტემის ინსტიტუტების საპატრულო ხომალდი, 57 სამხედრო მანქანა და სხვა საბრძოლო შესაძლებლობები, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის სპეციალისტები, ასევე ქვეითი და სამხედრო მედესანტეების ოცეული მიიღებს მონაწილეობას.

„ზღვის ფარი“ – კომპლექსური კონცეფცია, რომელიც განკუთვნილია მოკავშირეთა ძალების წვრთნისთვის, რუმინეთმა ნატო-ს სამიტზე 2016 წელს ვარშავაში წარადგინა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები