
სი ძინპინი – პუტინს: "დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი დაგიჭერთ მხარს თქვენს კეთილ საქმეებში"
20/03/2023 14:33:33 მსოფლიო
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით ბოლო წლებში რუსეთმა მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია ქვეყნის კეთილდღეობის კუთხით. ამის შესახებ მან კრემლში რუს კოლეგასთან შეხვედრის დაწყების წინ ისაუბრა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი მხარს დაგიჭერთ მომავალ წლისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. თქვენი ძლიერი ხელმძღვანელობის წყალობით, ბოლო წლებში რუსეთმა მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია ქვეყნის კეთილდღეობის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი ყველანაირად დაგიჭერთ მხარს თქვენს კეთილ საქმეებში", – მიმართა ჩინეთის ლიდერმა პუტინს.
ამასთან, მან პუტინი "ძვირფასი მეგობარი" უწოდა.
იგი დაეთანხმა პუტინს, რომ "რუსეთსა და ჩინეთს საერთო მიზნები აქვთ":
"ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და ერთად ვიმუშაოთ ჩვენი მიზნების მისაღწევად“,– დასძინა ჩინეთის პრეზიდენტმა.
მანამდე, პუტინმა აღნიშნა, რომ ჩინეთსა და რუსეთს ბევრი საერთო ინტერესი და მიზანი აქვს.
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთმა დიდ წინსვლას მიაღწია. ეს მთელ მსოფლიოში იწვევს ინტერესს და, სამწუხაროდ, შურსაც. სიმბოლურია, რომ ჩვენ აქ შევხვდით 10 წლის წინ რუსეთში თქვენი პირველი ვიზიტის დროს, როგორც ჩინეთის არჩეული წარმომადგენლის. ჩვენ ურთიერთობებში პროგრესი გვაქვს. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი და მიზანი გვაქვს", – მიმართა კრემლის ლიდერმა ჩინელ კოლეგას.
მან ასევე განუცხადა სი ძინპინს, რომ რუსეთის მთავრობა „გაეცნო პეკინის წინადადებებს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით".
„თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და განვიხილავთ ყველა საკითხს, მათ შორის თქვენს წინადადებებს“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთში ჩინეთის ლიდერის ვიზიტის შესახებ 17 მარტს გახდა ცნობილი. სი ძინპინი მოსკოვში 22 მარტამდე დარჩება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, განიხილება მხარეებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები. უშაკოვის ცნობით, "რა თქმა უნდა, განიხილება კონფლიქტი უკრაინაში“.
კრემლის ინფორმაციით, ეს არის სახელმწიფო ვიზიტი, რაც ოფიციალური ვიზიტების უმაღლესი რანგია.
კრემლის განცხადების მიხედვით, მხარეებს შორის განიხილება „რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განვითარების საკითხები“; დაგეგმილია ასევე „აზრთა გაცვლა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში“; ასევე ხელი მოეწერება მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტებს. თუმცა დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად, რომელს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შედგება „აზრთა სიღრმისეული გაცვლა ორმხრივ ურთიერთობებზე, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე“, ვიზიტის მთავარ მიზნად კი რუსეთთან ორმხრივი კავშირების განმტკიცება სახელდება.
ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სი ძინპინის პირველი ვიზიტია მოსკოვში და მისი პირველი უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც მესამე ვადით აირჩიეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურად. პუტინი კი ჩინეთში ოლიმპიადის გახსნაზე იმყოფებოდა გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე.
მანამდე რამდენიმე დასავლური მედია წერდა რუსეთში ჩინური წარმოების შეიარაღების შესაძლო მიწოდებაზე. მათ შორის - უპილოტო საფრენი აპარატების, საარტილერიო და საბრძოლო მასალების. პარასკევს გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს მიაწოდეს ათასობით შაშხანა, რომელთა გამოყენებაც ომშია შესაძლებელი. მიაწოდეს ასევე სხვა შეიარაღება, მათ შორის დრონების დეტალები და ჯავშანჟილეტები. საუბარი არ არის ფართომასშტაბიან მიწოდებაზე.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია „უკრაინის კრიზისის“ პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ. თუ პირველივე პუნქტი შესაძლოა, აღქმული იყოს უკრაინის მხარდაჭერად, მეორე პუნქტი რუსეთის ინტერესებს ეხმიანება.
კიევს პირდაპირ არ უთქვამს უარი ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივაზე, თუმცა აღინიშნა, რომ ემხრობიან თავიანთ წინადადებას, რომელიც უკრაინიდან რუსეთის სამხედრო ძალის სრულად გაყვანას ითვალისწინებს.
ჩინეთს არ დაუგმია რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის, ხმა არ მიუცია გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებისთვისაც. ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთის სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთის პოზიციაზე. ამასთან ჩინეთმა აშშ და დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში კონფლიქტის პროვოცირებაში. ამავდროულად პეკინმა ოფიციალურად არ აღიარა ყირიმისა და უკრაინის რეგიონების ანექსია და მედიის ცნობით, კრემლს აგრძნობინა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა.
სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.