Accentnews.ge
პრიგოჟინი ბახმუტში ითხოვს დახმარებას შოიგუსგან

პრიგოჟინი ბახმუტში ითხოვს დახმარებას შოიგუსგან

20/03/2023 18:35:57 მსოფლიო

რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა წერილი მისწერა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და დახმარება სთხოვა უკრაინის კონტრშეტევის მოგერიებაში, რომელიც მისი აზრით, მარტის ან აპრილის ბოლოს უნდა განხორციელდეს.

წერილში, რომელიც პრიგოჟინის პრეს–სამსახურმა ტელეგრამ–არხზე გამოაქვეყნა, პრიგოჟინი ირწმუნება, რომ „ვაგნერელები“ ბახმუტის "დაახლოებით 70%–ს აკონტროლებდნენ“ და "აგრძელებენ ოპერაციებს" ქალაქის აღების მიზნით.

პრიგოჟინი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები აპირებენ „ფლანგურ შეტევებს“ „ვაგნერის“ ქვედანაყოფების ძირითადი რუსული ძალებისგან მოწყვეტის მიზნით და მოუწოდა შოიგუს „მიეღო ზომები“, რათა ეს არ დაუშვას.

20 მარტის საღამოს მოხსენებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ დონეცკის ოლქის ბახმუტის მიმართულებით მუდმივი პოზიციური ბრძოლები გრძელდება.

„დამპყრობლები არ წყვეტენ ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობას. იქ მუდმივი პოზიციური ბრძოლები გრძელდება. ამავდროულად, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ბოგდანოვკასა და ივანოვსკის რაიონებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა თავიანთ მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდა 20 მარტის ღამეს, განაცხადეს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები დონბასში შესაძლოა, კულმინაციას მიუახლოვდეს და უკრაინას „კარგი შესაძლებლობა აქვს, განაახლოს ინიციატივა და წამოიწყო კონტრშეტევა“.

მათი შეფასებით, რუსული ძალების შეტევითი ოპერაციების ტემპი ბოლო კვირებში შენელდა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის საგაზაფხულო შეტევა დონბასში შესაძლოა, კულმინაციას მიუახლოვდეს.

ბახმუტი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად ფრონტის ხაზზე. რუსები ქალაქის აღებას გასული წლის ზაფხულიდან ცდილობენ.

ნატოს დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ბახმუტთან ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე უკრაინა.

მანამდე ანალიტიკოსებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ევგენი პრიგოჟინს შორის კონფლიქტის შესახებ, რომელმაც "კულმინაციას მიაღწია" ბახმუტისთვის ბრძოლის ფონზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S