ევროკავშირის ქვეყნები და ნორვეგია შეთანხმდნენ უკრაინისთვის მილიონი ჭურვის მიწოდებაზე

21-03-2023 00:00:45 ევროპა

ევროკავშირის 17 ქვეყანა და ნორვეგია შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მიაწოდონ მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალა მომდევნო 12 თვის განმავლობაში, – განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა.

ბორელის თქმით, გეგმის განსახორციელებლად 2 მილიარდი ევრო გამოიყოფა. ამ თანხის ნახევარს დახარჯავენ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის, მათ შორის 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების არსებული მარაგებიდან ან პარტნიორი ქვეყნების მიერ უკვე შეკვეთილი საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიწოდებაზე.

კიდევ ერთი მილიარდი ევრო, ბორელის თქმით, გამოიყოფა საბრძოლო მასალის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყოფა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები ერთობლივად შეიძენენ უკრაინისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას კომისია თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას: "მივესალმები ამ სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც მოაახლოებს ჩვენს გამარჯვებას", - დაწერა მან „ტვიტერზე“.

ამავდროულად, უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთმა უარი თქვა ევროკავშირის პროექტში მონაწილეობაზე. "ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ აქციაში", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

უნგრელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „არ ჩაერევა, ხოლო სხვებმა გააკეთონ ის, რაც მათ სურთ“. მისი თქმით, უნგრეთის 10 მილიონი ევროს ოდენობის შენატანი სხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთისა და ავსტრალიის ხელისუფლება შეთანხმდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ კალიბრის ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ დააზუსტა, რომ ჭურვების პირველი მიწოდება უკრაინაში შეიძლება განხორციელდეს უკვე 2023 წლის პირველ კვარტალში და აღნიშნა, რომ ფრანგული მხრიდან პარტნიორობაში მონაწილეობს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი Nexter.

თავის მხრივ, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა დასძინა, „ჩვენ ვსაუბრობთ პროექტზე, რომლის ღირებულებაც მრავალი მილიონი დოლარია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები