
სააპელაციომ "TV პირველის" ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
21/03/2023 11:17:59 სამართალი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმაში ბრალდებულ მამუკა ანდღულაძეს აღკვეთი ღონისძიების სახე, წინასწარი პატიმრობა შეუცვალა და 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ნატო გოგელიაზე ძალადობის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი 17 მარტს დააკავა.
"რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი", - წერია საგამოძიებო საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულ კაცს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლს ედავებიან, ესენია 154-ე მუხლის მეორე ნაწილი (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალადობა) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნივთის დაზიანება).
"TV პირველის" ჟურნალისტმა დაკავებულ მამუკა ანდღულაძეს სახლში რამდენიმე 15 მარტს მიაკითხა და ჰკითხა, რატომ ჩამოხია პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა - ინციდენტი სწორედ ამ დროს მოხდა.
„TV პირველის“ ინფორმაციით, კაცი, რომელიც ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა, მისი მობილური ტელეფონი დაამტვრია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 14 მარტს თბილისში, პარლამენტის შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა.