
"ქართული მარშის" მხარდამჭერები კინოთეატრ "ამირანისკენ" დაიძრნენ (ვიდეო)
08/11/2019 14:31:30 სხვა, საზოგადოება
"ქართული მარშის" მხარდამჭერები ფილარმონიიდან კინოთეატრ "ამირანისკენ" დაიძრნენ. ისინი ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" სეანსის ჩაშლით იმუქრებიან.
როგორც "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, მათი პროტესტი მშვიდობანი იქნება და "მშვიდობიანი გზით ჩაშლიან ფილმის ჩვენებას".
კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი. ფილმის ჩვენების დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათია დარჩენილი.
ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.
ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.
ამ დროისთვის ქვეყანაში არსებულ ყველა კონოთეატრთან პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) დაგეგმილი კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება. ვასაძის მსგავსი პოზიცია აქვს „ქართული მარშის" ერთ-ერთ ლიდერ სანდრო ბრეგაძესაც.