
კინოთეატრ "ამირანთან" სამართალდამცველები სპეცაღჭურვილობით გამოჩდნენ
08/11/2019 15:11:52 სხვა, სამართალი
კინოთეატრ "ამირანთან" სამართალდამცველები სპეცაღჭურვილობით გამოჩდნენ. ძალადობრივი ჯგუფები და მათი მხარდამჭერები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას ცდილობენ. ისინი პოლიციის კორდონს დროდადრო აწვებიან და კინოთეატრის შენობაში შეჭრას ცდილობენ.
ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, "ქართული მარში" და სხვა ძალადობრივი ჯგუფები კინო "ამირანთან" არიან შეკრებილები.
ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.
ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.
ამ დროისთვის ქვეყანაში არსებულ ყველა კონოთეატრთან პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) დაგეგმილი კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება. ვასაძის მსგავსი პოზიცია აქვს „ქართული მარშის" ერთ-ერთ ლიდერ სანდრო ბრეგაძესაც.