
ვაშლის მოკრეფისთვის მოზარდზე ძალადობის გამო დაკავებული სასამართლომ გაათავისუფლა
21/03/2023 18:21:40 სამართალი
12 წლის მოზარდზე ძალადობის გამო დაკავებული კაცი, რომელსაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.
მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა შეცვალა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც ბრალდებულს 5 წელი ჰქონდა მისჯილი.
ამბავი 2021 წლის მაისში გორში მოხდა. მაშინ ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] განაცხადა, რომ ვაშლის უნებართვო კრეფის გამო მოზარდზე გორის ყოფილი მერის მოადგილემ იძალადა.
PHR-ის ცნობით, ხეხილის ერთ-ერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილი დაარტა ფეხზე, ხოლო მისმა მეუღლემ ძალით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, ამოარტყა პანღური და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, ამის შემდეგ მოზარდი იძულებით გააშიშვლა წელს ზემოთ, გახადა შარვლი და ასე გაუშვა ბავშვი ქუჩაში.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ განაჩენი ზეპირსიტყვიერად გამოაცხადა.
"ბრალდებული მანამდე, ამბობდა, [ბავშვი] იგონებსო. დღეს კი თქვა: კი, ხელი დავარტყი, საჯდომზე ამოვარტყი ფეხი...არგუმენტად თქვა, ეს იმიტომ გავაკეთე, შემეშინდა ბავშვი ხიდან არ ჩამოვარდნილიყოო...ეს მსჯელობა მოსამართლემ არგუმენტად მიიღო, შეცვალა კვალიფიკაცია და გადმოიყვანა ჩვეულებრივ, ძალადობის, [სსკ-ის] 126-ე მუხლზე [მანამდე განიხილებოდა ძალადობა დამამცირებელი მოპყრობით- რ.თ.], ანუ ხიდან ძალით ჩამოყვანა, რამდენჯერმე დარტყმა, გინება, ფეხის ამორტყმა, ნახევრად გაშიშვლება და შიშველი, შორტის ამარა ქუჩაში გაგდება გაუტოლა უბრალო ძალადობას", - ამბობს იურისტი ანა თავხელიძე PHR-დან.
ბრალდებული ალექსი მარიამიძე საჯარო წყაროების მიხედვით, სხვადასხვა დროს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო, 2018-2019 წლებში კი გორის მერის მოადგილე.
სასამართლოს გადაწყვეტილება "შეთანხმებულ ამბავს ჰგავდა", ამბობს ანა თავხელიძე და ფიქრობს, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა თავისი გავლენები გამოიყენა:
"ბოლო წუთამდე ეს კაცი უარყოფდა ყველაფერს და მატყუარას ეძახდა ბავშვს. შემდეგ უცებ აღიარა ძალადობა. ეს ავტომატურად გახდა სასამართლოსთვის საფუძველი, პირობით გამოეშვა. ამიტომ გაჩნდა ეჭვი ამ საქმეში სასამართლოს მიუკერძოებლობაზე".
ანა თავხელიძე იხსენებს სააპელაციო სასამართლოში დავის მიმდინარეობასა და აფასებს მოსამართლის დამოკიდებულებებს:
"გაშიშვლებაზე და შორტით ქუჩაში გაშვებაზე მოსამართლემ ჩაიცინა. როდესაც [მარიამიძის]ადვოკატმა თქვა ყველა გავსულვართ ქუჩაში შორტით და რა არის სამარცხვინო ამაშიო, ამაზე სიცილით პასუხობდა მოსამართლე. განწყობა ეტყობოდა - სასაცილოდაც რომ არ ეყოფა, ამის გამო კაცი ციხეში გაუშვა".
ალექსი მარიამიძის ინტერესებს ადვოკატი ნაირა გიგიტაშვილი იცავს. "რადიო თავისუფლებასთან" იგი ამბობს, რომ მისივე კლიენტის თხოვნით, თავს იკავებს ნებისმიერი კომენტარისგან. ამასთან, აღნიშნავს, რომ მოსამართლე "პროფესიონალი აღმოჩნდა":
"ეს ადამიანი იყო მთლიანად მართალი, რაც კარგად იყო დასაბუთებული დასკვნით სიტყვაში, თორემ ბავშვის თემით მანიპულირებდნენ".
პირველ ინსტანციაში ამ საქმის განხილვისას, გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის საქციელი ბავშვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობად შეაფასა. PHR-ის იურისტის ანა თავხელიძის განმარტებით, მოსამართლემ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა მოიშველია არგუმენტით, რომ უფრო მსუბუქი შემთხვევებიც დამამცირებელ მოპყრობად მოიაზრებაო: "დანაშაული მოიცავდა ძალადობით დამამცირებელ მოპყრობას და 5 წელი მიუსაჯეს".
დღევანდელი გადაწყვეტილებით, მოსამართლემ ეს განაჩენი შეცვალა, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ბრალდებული სასამართლოს დარბაზიდან პირობით გაათავისუფლა.