
ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა შედგა, თუმცა კინოთეატრის გარეთ განსხვავებული ინფორმაცია აქვთ
08/11/2019 16:18:28 სხვა, საზოგადოება
კინოთეატრებში "და ჩვენ ვიცეკვეთ" ფილმის ჩვენება მიმდინარეობს, თუმცა კინოთეატრებთან შეკრებილ საზოგადოებას ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პრემიერა შედგა, კინოთეატრების დარბაზებში კი საკმაო რაოდენობის მაყურებელია წარმოდგენილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ირწმუნება, რომ ფილმის ჩვენება არ დაწყებულა და ელოდება შსს-ს გადაწყვეტილებას. მან ვახტანგ გომელაურს მიმართა, რომ შეისწავლონ ფილმი, ვინაიდან ის "პორნოგრაფიაა" და აკრძალონ ჩვენება.
"თუ შსს დაარღვევს კანონს, ჩვენ კონსტიტუციის მიხედვით ვიმოქმედებთ",- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ამ დროისთვის კინოთეატრ "ამირანთან" პერიოდულად გრძელდება ინციდენტები: ულტრამემარჯვენე ძალების ძირითადად ამ ლოკაციაზე არიან წარმოდგენილები. ისინი აგრესიით გამოირჩევიან არა მხოლოდ პოლიციელების, არამედ რიგი ჟურნალისტების მიმართაც. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე და "რესპუბლიკელ" დავით ზურაბიშვილზე. გარდა ამისა, დაფიქსირდა პიროტექნიკის გამოყენება პოლიციელების წინააღმდეგ.
გარკვეული აქტივობა შეინიშნება "თბილი გალერისთან". ადგილზე მობილიზებულია გურამ ფალავანდიშვილი თანამოაზრეებთან ერთად და ვინაიდან ფილმის პრემიერის ჩაშლა ვერ შეძლო, ამბობს, რომ ახლა მიზანი შემდეგი სეანსების ბლოკირებაა. ამ დროისთვის ლიდერები საკუთარი აქტივობების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. მედიასთან არ გამოჩენილა შეკრების ერთ-ერთი ინიციატორი ლევან ვასაძეც.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, "ამირანთან" დაკავებულია ორი პირი.