რუსეთი საქართველოში ღვინის რუსული სტანდარტით სერტიფიცირების ლაბორატორიის შექმნას გეგმავს

22-03-2023 15:51:44 პოლიტიკა ,ეკონომიკა

საქართველოში ღვინის რუსული ნორმატივებით სერტიფიცირების ლაბორატორიის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ დღეს ფორუმზე "რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები" რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი 2022 წელს საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორად იქცა და მისი წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 16%-ს აღემატება.

"საქართველოში მსგავსი ლაბორატორიის შექმნა შესაძლებლობას მოგვცემს, პერსონალი გადავამზადოთ და რუსეთის ტერიტორიაზე ქართული ღვინის მეორადი სერტიფიცირების აუცილებლობა მოვხსნათ" - აღნიშნა ვოლვიჩმა.

მეორე ინიციატივად კი მან "საქართველოდან რუსეთში შეტანისთვის აკრძალული პროდუქციის სიიდან სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების ამოღება" დაასახელა.

ცნობისთვის: იმავე ფორუმზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ "რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების პირას არიან".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები