თეთრი სახლი: „რუსეთი შეეცდება მორიგი შეტევის განხორციელებას, მომავალი კვირები კრიტიკული იქნება“

22-03-2023 16:43:12

მომავალი კვირები ომში "კრიტიკული" იქნება, განუცხადა აშშ–ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ CNN-ს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მორიგ შეტევას და, შესაძლოა, ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე, შეეცდება“, დასძინა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინა ამისთვის მზად იყოს“, - თქვა კირბიმ.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს სურს, უკრაინელებს შეეძლოთ, დაიცვან თავი რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი ახალი თავდასხმისგან და ჰქონდეთ შესაძლებლობა „ჩაატარონ საკუთარი შეტევითი ოპერაციები“.

„ჩვენ ვიღებთ ბატალიონებს უკრაინიდან და ვატარებთ მათი ერთობლივი შეიარაღების მანევრირებას. სწორედ ამიტომ, ისინი აძლიერებენ წვრთნებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა.ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი კარგად იყვნენ მომზადებულნი ამ კრიტიკული კვირებისა და თვეებისთვის“, - დასძინა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მანამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში უკრაინას რთული ბრძოლა ექნება. ლოიდ ოსტინმა ადრე თქვა, რომ კიევს აქვს "კარგი შანსი" აიღოს ინიციატივა ბრძოლის ველზე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი თვლის, რომ ფრონტზე გადამწყვეტი ბრძოლები გაზაფხულის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები