ფინანსთა მინისტრი – ომის დაწყებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ 1000-ზე მეტი შემთხვევაა, როცა სანქცირებული საქონელი გავაბრუნეთ

23-03-2023 14:05:13 პოლიტიკა ,ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საბაჟო სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგად განვლილი ერთი წლის განმავლობაში სანქციების დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მან „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციისთვის საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესზე ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, აღკვეთილია სანქცირებული ტვირთის საქართველოს გავლით გატანის არაერთი მცდელობა.

„მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება“, - თქვა ფინანსთა მინისტრმა და დასძინა, რომ საუბარია ძირითადად, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელზე.

მისი თქმით, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, საქართველოში განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება და ეფექტური კონტროლისთვის, საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოში შექმნილია ჯგუფიც, საქნციების აღსრულების ცენტრალიზებული კონტროლისთვის.

„აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ეფექტური კონტროლისთვის ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნტქზე დამონტაჟდა რენტგენოსკანერიც.

ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის ესაჭიროება სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა თავდაცვის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ ნებართვის გაცემა საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეჩერებულია და შესაბამისად, არ გაცემულა არც ერთი ნებართვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები