ფინანსთა მინისტრი არ პასუხობს კითხვას, უნდა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა

23-03-2023 16:17:32 ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მოქმედი მინისტრი, ლაშა ხუციშვილი არ პასუხობს კითხვას, უნდა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა და მონაწილეობს თუ არა ამ კონკურსში. ამ საკითხზე კითხვა მას უპარტიო დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში ორჯერ დაუსვა. ხუციშვილი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებშია მისული.

რომან გოცირიძის თქმით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა დაიწუნა პრემიერის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად შეთავაზებული ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა. ამ კანონპროექტით ეროვნულ ბანკში ჩდებოდა პრეზიდენტის პირველი მოადგილის თანამდებობა - რომელიც ხელმძღვანელის არჩევამდე შეასრულებდა მის მოვალეობას.

"კიდევ უფრო ბევრი რამ მოჰყვა ამ ამბებს - შემდეგ გამოვიდა ქალბატონი სალომე და გამოაცხადა ეროვნული ბანკის ორი მრჩევლის თანამდებობაზე კონკურსი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ კვლავ შეიტანეთ განაცხადი ამ კონკურსში მონაწილეობის შესახებ. ადასტურებთ თუ არა ამ ფაქტს და ხდება თუ არა ისევ ზეწოლა საქართველოს პრეზიდენტზე თქვენი კანდიდატის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად თქვენი კანდიდატურის წარდგენაზე... ხდება ეროვნულ ბანკში კლანური გადაადგილება", - იკითხა რომან გოცირიძემ.

მინისტრმა დეპუტატს უთხრა, რომ მის საკითხთან არ იყო დაკავშირებული "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა.

"მე თქვენ გკითხეთ, გამოცხადებულ კონკურსში შეიტანეთ თუ არა განაცხადი. მე თქვენი ჯინი კი არ მაქვს. საუბარია ეროვნული ბანკის დამოკიდებლობის მოსპობაზე, ვინაიდან ბანკის საბჭოში არასდროს ყოფილან ამ 30 წლის განმავლობაში ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, მისი მოადგილე და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე - ადამიანები გამოცდილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მორჩილების სტაჟი გაქვთ გავლილი. პრობლემა ამაშია. უნდა გვიპასუხოთ შეიტანეთ განაცხადი თუ - არა", - კიდევ ერთხელ გაიმეორა დეპუტატმა კითხვა.

მინისტრმა დეპუტატს უთხრა, რომ ეს არის კონკურსი, რომელსაც ატარებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თუ ეს უწყება საჭიროდ ჩათვლის, რომ ინფორმაცია გაასაჯაროოს, მისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. მოქმედმა მინისტრმა არ უპასუხა ამ საკითხზე ჟურნალისტების კითხვებსაც.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ამოეწურა. კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭო შეარჩევს თავისი მოქმედი წევრებიდან. შერჩეულ კანდიდატს ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს. საბჭო 9 წევრისგან შედგება, მათ კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი 26 თებერვალს გამოაცხადა და 15 მარტს ამოიწურა.

უფრო ადრე, 23 თებერვალს, მან ვეტო დაადო „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს და თქვა, რომ "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები