ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს ათეულშია და უსწრებს მეზობელ ქვეყნებსაც

23-03-2023 21:46:06 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

2022 წელს ევროკავშირში (პირველადი მოთხოვნით) დროებითი თავშესაფარი 881 200-მა ადამიანმა მოითხოვა. მათ შორის საქართველოს 25 935-მა მოქალაქემ. მონაცემები ევროსტატმა 23 მარტს გამოაქვეყნა.

ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს ათეულშია და მეზობელი ქვეყნებიდან უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს - გამონაკლისი თურქეთია.

თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 64%-ით გაიზარდა. საქართველოს შემთხვევაში მონაცემები გაზრდილია 108%–ით – ამ სტატისტიკის მიხედვით საქართველო 2021 წელს მე-11 ადგილზე იყო, 2022 წელს მე-8 პოზიციაზეა.

მიმართვების შესახებ საერთო მაჩვენებლით (პირველადი და შემდგომი მიმართვით) 2021 წელს საქართველო მე-10 ადგილზე (14 660 მიმართვა) იყო და 2022 წელს მე-9 ადგილზე (28 385 მიმართვა) გადაინაცვლა. ზრდა ამ შემთხვევაში 93,6%–ია.

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებს შორის დროებითი თავშესაფრის მოთხოვნით (პირველ ჯერზე) საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ: საფრანგეთს - 8905 განაცხადი;გერმანიას - 7965 განაცხადი;იტალიას - 3240 განაცხადი;ირლანდიას - 2705 განაცხადი;ბელგიას - 840 განაცხადი;ესპანეთს - 660 განაცხადი;შვეიცარიას - 660 განაცხადი.

2022 წელს ევროკავშირის 27 ქვეყანაში თავშესაფრის პირველადად მაძიებელთა განაცხადების თითქმის ნახევარი (46%) აზიის მოქალაქებზე მოდის, 22%-მდე აფრიკის. 17%-ს ევროპის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ არ არის ევროკავშირის წვერი ქვეყნის წარმომადგენელი, 14% კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მოქალაქეა.

თავშესაფრის პირველად მაძიებელთაგან ყოველი მეოთხე გერმანიას მიმართავდა (217 735). ამ მონაცემებით მეორე ადგილზეა საფრანგეთი 37 510 განაცხადით (16%), მესამეზე ესპანეთი - 116 135 (13%), მეოთხეზე ავსტრია - 106 380 (12%), მეხუთეზე იტალია - 77 200 (9%) განაცხადით.

იხილეთ ასევე: საქართველო ბედნიერების რეიტინგში ომში მყოფ უკრაინას მხოლოდ ორი პოზიციით უსწრებს, ხოლო ომგადატანილ სომხეთს ჩამორჩება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები