პუტინის დაკავებისთვის მზადმყოფი ქვეყნების რიცხვს სომხეთიც შეუერთდა

24-03-2023 17:01:37 კავკასია

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დასაკავებლად მზადმყოფი ქვეყნების რიცხვს კიდევ ერთი სახელმწიფო - თავის დროზე მოსკოვის ინიციატივით შექმნილი და მისივე პატრონაჟით მოქმედი "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის" წევრი სომხეთი შეუერთდა.

მისმა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოქმედების განმსაზღვრელი მთავარი დოკუმენტის - რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა და დაადგინა, რომ ამ დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულებები სომხურ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. რატიფიცირების დოკუმენტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას მსოფლიოს 120-ზე მეტი სახელმწიფო აღიარებს, მათ შორის - როგორც დსთ-ის, ისე რუსეთის ინიციატივით ჩამოყალიბებული კიდევ ერთი ერთობის - "ბრიქსის" წევრი ქვეყნები. შესაბამისად, ყველა მათგანზე ვრცელდება ვალდებულება იმ პირთა დაკავების შესახებ, რომეთა მიმართაც ჰააგა შესაბამის ორდერს გასცემს.

ამ სახელმწიფოებს შორისაა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც, რომელშიც პუტინი აგვისტოში "ბრიქსის" სამიტზეა მიწვეული.

როგორც დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრე-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, სამიტზე პუტინის გამგზავრების გადაწყვეტილება "ჯერ მიღებული არაა". როგორც ჩანს, კრემლი რეალურ საფრთხეებზე დაფიქრდა. არადა, მანამდე იგივე პესკოვი აცხადებდა, რომ პუტინის მიმართ ჰააგის გადაწყვეტილება "იურიდიულად უსუსური" იყო და რომ რუსეთი მას არ სცნობდა.

22 მარტს ჰააგის ორდერის საფუძველზე პუტინის შესაძლო დაკავების შესახებ განაცხადა "ბრიქსის" კიდევ ერთი ქვეყნის - ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები