პრემიერი: "გუბაზ სანიკიძე ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ოცნებობდა მილიონ დოლარზე და 100 000 დოლარად მიეყიდა სააკაშვილს"

24-03-2023 18:03:26 პოლიტიკა

"გუბაზ სანიკიძე, რომელიც გამოირჩევა უსამართლო, ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ოცნებობდა მილიონ დოლარზე და 100 000 დოლარად მიეყიდა სააკაშვილს", -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ "გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები".

"ჩვენ, მეგობრებო ვდგავართ ძალიან სერიოზული, ისტორიული ტრანსფორმაციის მიჯნაზე, შეიძლება ასე ითქვას. ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ მე მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო. ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე, გახსოვთ ამის თაობაზე. ეხლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. თქვენ ყველამ რომ იცოდეთ, ეს კაცი 100 000 დოლარად არის გაყიდული. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები, არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები. გუბაზისნაირ არაკაცებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენნაირი მოღალატე ხალხი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. შენ ხარ სულ გაყიდული , მოღალატე კაცი და შენნაირი მოღალატეების ხელისუფლება ჩვენმა ხალხმა დიდი ხანია გაისტუმრა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე სანიკიძემ ღარიბაშვილს უთხრა, რომ პრემიერი მისი განცხადებებით ცეცხლს ეთამაშება.

"თქვენ თქვენი განცხადებებით ცეცხლს ეთამაშებით. ამბობთ, რომ უკრაინა, სააკაშვილი და ევროკავშირი აქ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით რომ დასრულდეს, რაშიც თქვენ ეჭვი გეპარებათ და უკრაინელებმა ამ გადატრიალების დამადასტურებელი საბუთი რომ მოითხოვონ, მერე რას შვრებით? მე ვიცი, რომ იურისტი ხართ, შეიძლება ვცდები და არ ხართ. რომ ამბობთ, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებისთვის ჩამოვიდაო, ეს გამოიძიეთ? საქმე აღძრულია ამ მიმართულებით? თქვენს პირად მომავალზე ფიქრობთ? საერთაშორისო სასამართლო როცა იქნება, შეიძლება იქ გამოგიძახონ და არც პიროვნულად და არც საქვეყნოდ არ მემეტებით. დაფიქრდით, როდესაც განცხადებებს აკეთებთ. ჩვენ არ გვაინტერესებს, ღამით რა გეზმანებათ თქვენ და ბიძინა ივანიშვილს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ეს ხელისუფლება გზას აცდენილია, დასავლურ ორიენტაციაზე უარს ამბობს. ერთი ადამიანი რატომ არ გესარჩლებათ დასავლეთიდან?", – მიმართა სანიკიძემ ღარიბაშვილს.

მან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის როგორც ყოფილ პრეზიდენტს ექცევიან, არც ქართული წესია, არც კავკასიური და არც ევროპული:

"არც ქართული წესია, არც კავკასიური და არც ევროპული, როგორც თქვენ მიხეილ სააკაშვილს ექცევით. აქ რომ ხართ ჩამწკრივებულები, არცერთი თქვენგანი არ მახსოვს იმ დროიდან, როდესაც მე მიშას ოპოზიციაში ვიყავი და მოსაკითხია, ვინ სად მუშაობდით. თქვენ მაშინაც გეშინოდათ მიხეილ სააკაშვილის და ახლაც გეშინიათ. სააკაშვილის გეშინიათ კიევში, თბილისში, გეშინიათ მაშინ, როცა ჯანმრთელია, გეშინიათ ციხეში. სააკაშვილს გეშინიათ ცოცხლისა და მკვდრის. ეს თქვენი პრობლემაა, იმ კაცის პრობლემა კი არ არის".

მან მმართველ გუნდს მოუწოდა „გალობანი სინანულისანი“ წაიკითხონ:

"საერთოდ მოგიწოდებთ ყველას და განსაკუთრებით, თქვენ, ბატონო პრემიერო, მეტი თავმდაბლობა! თქვენი პოლიტიკური ორგანიზაცია იჩემებს, რომ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები ხართ. გირჩევთ, ხანდახან „გალობანი სინანულისანი“ წაიკითხოთ და ბიძინასა წაუკითხოთ, რადგან მას კითხვა ეზარება და მოსმენა უყვარს. გირჩევთ, თქვენი სამაგიდო წიგნი გახდეს".

სანიკიძემ გამოსვლა ახალგაზრდების შესახებ პრემიერი განცხადების შეფასებით დაასრულა და შემდეგი განაცხადა:

"ამ ახალგაზრდებზე რომ ლაპარაკობთ, ერთი რამ გაითვალისწინეთ, მათ თქვენთვის განაჩენი გამოტანილი აქვთ და „გუშინ“-ს „ხვალისთვის“ არასოდეს მოუგია. ერთ რამეში დაგეთანხმებით,საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცათ, რადგან ხელისუფლება დროებითია, ხოლო ხალხი - მარადიული“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები