რუსთავის საკრებულო პარალიზებულია

24-03-2023 20:21:43 რეგიონები

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 24 მარტიდან საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ფრაქციის განცხადებით, ადგილობრივი მერიის საფინანსო სამსახური წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის თანამშრომლებს და საკრებულოს ზოგიერთ დეპუტატს კუთვნილ ანაზღაურებას არ ურიცხავს. ფრაქციის წევრები დღეს დაგეგმილ სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არშემდგარი კვორუმის გამო, სხდომა ჩაიშალა. ფრაქციამ სადავო საკითხის გამო 22 მარტს დაწყებული სხდომაც დატოვა. საუბარია საკრებულოს აპარატის 14 თანამშრომლის ერთდღიანი საშვებულებო და ე.წ. ბიულეტენების ანაზღაურებაზე, ასევე საკრებულოს იმ წევრების ე.წ. სადეპუტატო სარგოებზე, რომლებსაც არ უკავიათ თანამდებობები.

ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ალექსანდრე ბერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქალაქის მერი ხელოვნურად აყოვნებს საკრებულოს განკარგულებაზე ხელის მოწერას, რომლის საფუძველზეც მერიის საფინანსო სამსახურმა თანხა უნდა ჩარიცხოს.

ბერიძე ამბობს, რომ აპარატის თანამშრომლებს თებერვლის ანაზღაურებაც არ აიუღიათ:

„რუსთავის მერმა საფინანსო სამსახურს მიწერა, რომ არ იხელმძღვანელოს საკრებულოს დოკუმენტებით, რომელსაც საკრებულოს მიერ დამზადებული ბეჭედი არტყია. ეს ბეჭედი გამოყენებულია ჩვენს განკარგულებაზე, სადაც ანაზღაურებას მოვითხოვთ, თუმცა იგივე ბეჭედი არტყია საკრებულოს მიერ მიღებულ ზოგიერთ სხვა დოკუმენტს, რომელიც მერიის ინტერესებში შედიოდა და რომლის საფუძველზეც აღმასრულებელმა ორგანომ შესაბამისი ბრძანებები გამოსცა. ადამიანებმა იმუშავეს და საკუთარი შრომის ნაყოფს ითხოვენ“.

რუსთავის საკრებულოს მიერ დამზადებულო ხსენებული ბეჭდის წარმოშობის საკითხის შესწავლის თხოვნით, ქალაქის მერიამ პროკურატურას უკვე მიმართა.

როგორც ირკვევა, თვითმმართველობის ბეჭედი ქალაქის მერის განკარგულების საფუძველზე მზადდება შესყიდვების კანონის შესაბამისად. მერია მხოლოდ მისი ბრძანებით დამზადებულ თვითმმართველობის ბეჭედს მიიჩნევს ლეგიტიმურად. როგორც მერიის იურისტი მიხეილ მუზაშვილი ამბობს, საკრებულომ ბეჭედი კანონის გვერდის ავლით დაამზადა და სწორედ ამ ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტები გადაეგზავნა მერიას.

თავის მხრივ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია აცხადებს, რომ საკრებულოს ხელმძღვანელობამ წარმომადგენლობითი ორგანოს დოკუმენტების ოფიციალურად დამოწმების მიზნით მეორე ბეჭდის დამზადების თხოვნით, არაერთხელ მიმართა რუსთავის მერს, რაც უპასუხოდ რჩებოდა.

რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურ უმრავლესობაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ლელოს“ ერთი წევრი შედიან. ხოლო ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე „ქართული ოცნების წევრია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები