
ვოლსკი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღების იდეას ემიჯნება
10/11/2019 08:08:36 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღების იდეას ემიჯნება.
როგორც ვოლსკი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღების იდეა არ მოსწონს, აქვს პასუხისმგებლობაც, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს დაპირისპირება, რომელიც კანონს გასცდება.
„მე, პირადად არ მომწონს, თავიდან ბოლომდე ვემიჯნები ასეთი ფილმის გადაღების იდეას, როგორც პიროვნება, მაგრამ პასუხისმგებლობაც მაქვს, რომ საზოგადოებაში არ მოხდეს ისეთი ჯახი, რომელიც კანონს გადააბიჯებს“,- აცხადებს გია ვოლსკი.
საქართველოში 8 ნოემბერს ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.