
ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება თბილისში დღეს ექსცესების გარეშე დასრულდა, ბათუმში კი მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი
09/11/2019 21:28:48 სხვა, საზოგადოება
9 ნოემბერს ფილმის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება თბილისში დღეს ექსცესების გარეშე დასრულდა, ბათუმში კი მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
კინოთეატრ „ამირანთან“ და „გალერეა თბილისში“ რადიკალურად განწყობილი აქციის მონაწილეები მაყურებლების მისამართით სკანდირებდნენ: „სირცხვილია, სირცხვილია“. აქციის მონაწილეები, რომლებსაც ამჯერად არ უცდიათ კინოთეატრების შენობებში შეჭრა, აცხადებდნენ, რომ დაშლას სეანსის დასრულებამდე არ აპირებდნენ.
რაც შეეხება ბათუმს, კინოთეატრ „აპოლოსთან“ პოლიციამ ერთი პირი დააკავა. აქციის მონაწილემ კინოთეატრთან მისულ ფილმის მაყურებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს ქართველი ულტრანაციონალისტების ერთ-ერთი ლიდერი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები შეეცადნენ წინ აღდგომოდნენ ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა.
შედეგად სამართალდამცველებმა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. ინციდენტების დროს დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი და ასევე ორი სამართალდამცველი. აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენაეს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ დავით ბერძენიშვილს, რომელმაც კინოთეატრ "ამირანის" წინ სოლიდარობა გამოუცხადა ფილმის საყურებლად მისულ ადამიანებს.
როგორც ლევან ვასაძე აცხადებს, ისინი ფილმის ჩვენებას 10 ნოემბერსაც გააპროტესტებენ.
“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.